თბილისი (GBC) – საქართველოში მაგისტრალური სარკინიგზო ლიანდაგისა და მისი დამცავი ზონის გასხვისება საკანონმდებლო დონეზე იკრძალება. შესაბამისი ცვლილებები „სარკინიგზო კოდექსსა“ და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში ხორციელდება. მთავრობის მიერ ინიციირებულ კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

ახალი საკანონმდებლო ინიციატივით, დაუშვებელი იქნება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ან სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს კაპიტალსა და ბალანსზე რიცხული მაგისტრალური სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გასხვისება მესამე პირებზე. ამასთან, კანონი უშვებს გამონაკლისს, რომლის მიხედვითაც, აღნიშნული ქონების შეტანა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ საწარმოს კაპიტალში, სადაც სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა 50%-ს აღემატება.

პროექტის მიხედვით, კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ მოქმედი მაგისტრალური სარკინიგზო ლიანდაგებისა და მათი დამცავი ზონების კონკრეტული ნუსხა უნდა დაამტკიცოს.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ხაზგასმულია, რომ ამ ეტაპზე მაგისტრალური სარკინიგზო ლიანდაგები სახელმწიფო საწარმოების საკუთრებაშია და გასხვისებული არ არის. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ ინფრასტრუქტურაზე ხორციელდება საერთაშორისო სატვირთო და სამგზავრო მიმოსვლა, იგი ქვეყნისთვის სტრატეგიულად ყველაზე ღირებულ აქტივს წარმოადგენს. შესაბამისად, სამომავლოდ სახელმწიფო კონტროლის გარანტირებისთვის აუცილებელია ამ აკრძალვის საკანონმდებლო დონეზე გამყარება.

„იმისათვის, რომ არსებული მდგომარეობა იქნეს შენარჩუნებული, მნიშვნელოვანია საკანონმდებლო დონეზეც იყოს ასახული, რომ დაუშვებელია მაგისტრალური სარკინიგზო ლიანდაგის და მისი დამცავი ზონის მესამე პირებისთვის საკუთრებაში გადაცემა“, - ნათქვამია დოკუმენტში.