თბილისი (GBC) - გასულ კვირას დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში რუსული ალმასის იმპორტის შეზღუდვა დააანონსა. BBC- წერს, რომ დიდი შვიდეულის ქვეყნები უკვე ეძებენ ალმასის იმპორტის ალტერნატივებს.

რუსული ალმასის ექსპორტი წლიურად საშუალოდ $4 მილიარდს უდრის, მაშინ როდესაც უკრაინაში შეჭრამდე (2021წ.), რუსეთის მთლიანი ექსპორტი $490 მილიარდს აღწევდა. შესაბამისად, ალმასის ექსპორტის წილი 1%-ზე ნაკლებია (0.82%). მაშინ როდესაც ნავთობისა და გაზის ექსპორტი 49%-ს აღემატება (რუსული ნავთობისა და გაზის ექსპორტი 2021 წელს $241 მლრდ-ს შეადგენდა).

მიუხედავად  მთლიან ექსპორტში მცირე წილისა, რუსეთი არის მსოფლიოში ალმასის უდიდესი ექსპორტიორი. მხოლოდ რუსული სახელმწიფო კომპანია „ალროსა“ კი მსოფლიო ალმასის ექსპორტის მესამედს ახორციელებს.

BBC საერთაშორისო მშვიდობის საინფორმაციო სამსახურის მკვლევრის ჰანს მერკეტის სიტყვებს ციტირებს, და წერს,მიუხედავად იმისა, რომ ალმასიდან შესული თანხით რუსეთი უკრაინაში ომს აფინანსებს, რუსული ალმასის იმპორტი არ არის ისეთი მნიშვნელოვანი, როგორიც ნავთობისა და გაზის.

რუსული ალმასის თითქმის 50%-ს ბელგია ყიდულობს. 2021 წელს ბელგიამ $1.9 მილიარდის ალმასი შეიძინა.

მეორეზეა არაბთა გაერთიანებული საამიროები, რომელმაც საანგარიშო პერიოდში $1.2 მილიარდის ალმასი შეიძინა.