თბილისი (GBC) – უკრაინას ზამთრის გადასატანად და ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად აშშ-ის Patriot-ის რაკეტა-ჩამჭრელების მარაგის 5% სჭირდება, ხოლო არსებული ამერიკული მარაგის 10% უკრაინას ყველა რუსული ბალისტიკური სარაკეტო შეტევის მოგერიების შესაძლებლობას მისცემს, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში, რომელიც 13 აგვისტოს გამოქვეყნდა.

ზელენსკის განცხადებით, მისი ყოველდღიურობა მოკავშირეებთან სატელეფონო საუბრებსა და დამატებითი რაკეტების მოპოვებაზე მიმდინარე მოლაპარაკებებს უკავშირდება. ბოლო კვირებში რუსეთის მხრიდან ბალისტიკური შეტევების რაოდენობა გაიზარდა, განსაკუთრებით კიევზე. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მოსკოვი სარგებლობს იმ ფაქტით, რომ ქვეყანაში Patriot-ის რაკეტა-ჩამჭრელების მარაგი პრაქტიკულად ამოწურულია.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ აშშ-ის ამჟამინდელი მარაგის 10%-იც კი საკმარისი იქნებოდა ყველა რუსული ბალისტიკური სარაკეტო თავდასხმის შესაჩერებლად, ხოლო 5% უკრაინას ზამთრის გადატანის შესაძლებლობას მისცემდა.

„წელს ჩვენ ორნახევარჯერ ნაკლები ჩამჭრელი რაკეტა გვაქვს, ვიდრე 2025 წელს გვქონდა. რუსეთი ყოველთვიურად ორჯერ მეტ ბალისტიკურ რაკეტას უშვებს, ვიდრე ადრე“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, გაეროს მონაცემებით, ივლისი უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის 2022 წლის აპრილის შემდეგ ყველაზე სისხლიანი თვე იყო. ზელენსკის განცხადებით, ქვეყანა თითქმის ყოველ ღამე იბომბება, ხოლო თვეში ოთხ-ხუთჯერ მასშტაბურ თავდასხმებს განიცდის.

„ეს საშინელი ღამეებია. სინამდვილეში, ეს ძალიან გმირი და გამძლე ხალხია, მაგრამ ისინი დაიღალნენ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, ის ყოველდღიურად ცდილობს მოკავშირეებთან მოლაპარაკებებს დამატებითი რაკეტების მისაღებად.

„თუ ისინი 5%-ს მოგვყიდიან, ზამთარს გადავიტანთ და ადამიანების სიცოცხლეს გადავარჩენთ. თუ 10%-ის მოცემა შეუძლიათ, ყველა რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ. მე 1% მაქვს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

CNN-ის ინფორმაციით, მსოფლიოში რაკეტების დეფიციტია, რაც აშშ-სა და ირანს შორის ომმა კიდევ უფრო გაამწვავა. დეფიციტი განსაკუთრებით მწვავედ იგრძნობა უკრაინაში, რომლის ქალაქებიც რუსეთის სარაკეტო დარტყმების წინაშე მოწყვლადები არიან.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ გაურკვეველია, როგორ განხორციელდება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დაპირება, რომლის მიხედვითაც უკრაინას Patriot-ის რაკეტა-ჩამჭრელების დამოუკიდებლად წარმოების შესაძლებლობა უნდა მიეცეს.

დონალდ ტრამპმა NATO-ს სამიტის ფარგლებში ანკარაში განაცხადა, რომ უკრაინას ამ სისტემების დამოუკიდებლად წარმოების ლიცენზიის მიღების შესაძლებლობას მისცემდა, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ ამ იდეის მიმართ გარკვეული ეჭვი გამოთქვა. Patriot-ის სარაკეტო სისტემების მწარმოებელმა კომპანიებმა წარმომადგენლები კიევში უკვე გაგზავნეს ინიციატივის განსახილველად, თუმცა კონკრეტული შედეგი ჯერჯერობით არ არსებობს.

ზელენსკის განცხადებით, მან დახმარების გაზრდის მოთხოვნით პირდაპირ მიმართა თეთრ სახლს და ასევე საკითხი მოკავშირეების მეშვეობით დააყენა. მან დაადასტურა, რომ ცოტა ხნის წინ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს ესაუბრა, თუმცა არ დააკონკრეტა, მოითხოვა თუ არა ვენსმა უკრაინისგან შავი ზღვის რუსულ ნავთობტერმინალზე თავდასხმების შეწყვეტა.

კიევმა ასევე წარადგინა ახალი წინადადებები ტრამპის ხელმძღვანელობით მიმდინარე სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებით, რომელიც ბოლო თვეებში ჩიხში აღმოჩნდა.

ზელენსკიმ დეტალების გამხელაზე უარი თქვა, თუმცა აღნიშნა, რომ სამშვიდობო გეგმის განხორციელებაში აშშ-ის უფრო აქტიური ჩართულობაა საჭირო. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ომის დასრულებას არ აპირებს და მასზე ზეწოლა ამ ეტაპზე საკმარისი არ არის.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე უარყო დონბასში დარჩენილი ტერიტორიების დათმობის შესაძლებლობა, რომელთა დაკავებასაც პუტინი ცდილობს. მისი თქმით, კიევისთვის მთავარი საკითხი უსაფრთხოების გარანტიებია.

ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ იზიარებს დასავლეთის ზოგიერთი წარმომადგენლის შეფასებას, რომლის მიხედვითაც რუსეთის პრეზიდენტმა შესაძლოა მომავალში NATO-ს წინააღმდეგ ომის ესკალაცია სცადოს, მათ შორის ალიანსის წევრ ბალტიის ქვეყნებზე თავდასხმის გზით.

მისივე შეფასებით, პუტინს ომის დასრულება დიდი ოკუპაციის ან რუსეთის საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი გამარჯვების გარეშე არ შეუძლია. ზელენსკის თქმით, რუსეთის პრეზიდენტისთვის შესაძლოა მნიშვნელობა არც ჰქონდეს, არის თუ არა სამიზნე ქვეყანა NATO-ს წევრი - მისი მიზანი სწრაფი გამარჯვების მოპოვებაა.