თბილისი (GBC) - ევროკავშირის რვა სახელმწიფოს ხელმძღვანელმა ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებს მოუწოდა, მოამზადონ ერთობლივი გადაწყვეტილება შენგენის ზონაში იმ პირების შესვლის შეზღუდვის შესახებ, რომლებიც რუსეთის არმიის შემადგენლობაში იბრძოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ნაუსედას განცხადებით, ბალტიისპირეთის სამივე ქვეყნის, პოლონეთის, ფინეთის, შვედეთის, გერმანიისა და რუმინეთის ლიდერებმა ანტონიუ კოშტასა და ურსულა ფონ დერ ლაიენს მიმართეს. მათ განმარტეს თავიანთი შეშფოთება იმ საფრთხეებთან დაკავშირებით, რაც შეიძლება ევროპაში რუსეთის ყოფილი სამხედროების შესვლას მოჰყვეს.

„ჩვენი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და მუდმივი რისკი შენგენის ზონაში რუსეთის არმიის ყოფილი და მოქმედი სამხედროების პოტენციური შესვლაა. ამ პირთა შემოშვებას შეიძლება სერიოზული შედეგები ჰქონდეს წევრი ქვეყნების უსაფრთხოებისთვის. ამიტომ, ნეგატიური შედეგების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა დაუყოვნებლივი, გადამწყვეტი და კოორდინირებული მოქმედება“, - აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

ევროკავშირის ხელმძღვანელობისადმი გაგზავნილ წერილში რვა ქვეყნის ლიდერი ასაბუთებს, რომ რუსი ექს-კომბატანტები დიდი ალბათობით შეიძლება ჩაებან ორგანიზებულ დანაშაულში, ექსტრემისტულ მოძრაობებში ან რუსეთის ჰიბრიდული ქმედებების კონტექსტში ევროკავშირის ქვეყნების წინააღმდეგ მიმართულ მტრულ საქმიანობაში.

მათ ასევე აღნიშნეს, რომ რუს სამხედროებს შორის 180 ათასზე მეტია სისხლის სამართლის დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირი, რომლებიც პატიმრობიდან კონტრაქტის სანაცვლოდ ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. „რუსეთის მოქალაქეებზე გაცემული შენგენის ვიზების რაოდენობა უკვე საგრძნობლად იზრდება. შენგენში გადაადგილების თავისუფლების გათვალისწინებით, უსაფრთხოების ასპექტები არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რომელმა ქვეყანამ გასცა ვიზა ან ბინადრობის ნებართვა... ჩვენმა უმოქმედობამ შეიძლება შექმნას გრძელვადიანი მოწყვლადობა“, — ნათქვამია მიმართვაში.

ლიდერები სთავაზობენ ევროკომისიას, განიხილოს „სავიზო კოდექსში“ მიზნობრივი ცვლილებების შეტანა, რაც შეეხება „აგრესორი ქვეყნის იდენტიფიცირებული ყოფილი ან მოქმედი კომბატანტების“ კატეგორიას. მათ სურთ, რომ ეს საკითხი აისახოს ევროკავშირის ლიდერების უახლოესი, მარტის სამიტის დასკვნებში.

2026 წლის იანვარში ესტონეთმა დაიწყო ევროკავშირში იმ იდეის პოპულარიზაცია, რომელიც გულისხმობს შენგენში შესვლის აკრძალვას ყველასთვის, ვინც რუსეთის არმიაში მსახურობდა და უკრაინის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა. პარალელურად, ესტონეთმა ნაციონალურ დონეზე უკვე დაიწყო მსგავსი აკრძალვების დაწესება იდენტიფიცირებული სამხედროების წინააღმდეგ. ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ ამ იდეას ბევრი ქვეყნის მხარდაჭერა აქვს და მისი განხილვა გაგრძელდება.