კომპანიის ძირითადი საქმიანობისკენ მიმართული მკაფიო სტრატეგია, სტრატეგიულ ინიციატივებში განხორციელებული ინვესტიციები და H&M Hennes & Mauritz AB-ის ამბიციური მდგრადობის დღის წესრიგში მიღწეული პროგრესი თვალსაჩინოა 2024 წლის ფინანსური წლის წლიურ და მდგრადობის ანგარიშში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: hmgroup.com. ბეჭდური ვერსია ფოსტით გაეგზავნებათ იმ აქციონერებს, რომლებმაც განაცხადეს ამის შესახებ.
„ვამაყობ იმ ნაბიჯებით, რომლებიც გადავდგით იმის საჩვენებლად, რომ გამორჩეული დიზაინი და მდგრადი გადაწყვეტილებები შესანიშნავად ერწყმის ჩვენს მისიას — გავხადოთ მოდა ხელმისაწვდომი ყველასთვის. მდგრადობა ჩვენთვის უმაღლესი პრიორიტეტია — ის განსაზღვრავს ჩვენს საქმიანობას და მნიშვნელოვანია ჩვენი გრძელვადიანი წარმატებისთვის. ეს ანგარიში ასახავს ათასობით მონდომებული კოლეგის შრომას მთელი მსოფლიოდან, რომლებიც ერთიანდებიან არა მხოლოდ მოდისა და დიზაინის სიყვარულით, არამედ ჩვენი ძალისა და მასშტაბის გამოყენების მტკიცე სურვილით, რათა მოდის ინდუსტრია გახდეს უფრო ინკლუზიური და მდგრადი,“ — ამბობს H&M Group-ის გენერალური დირექტორი, დანიელ ერვერი.
წლიურ და მდგრადობის ანგარიშთან ერთად, H&M Group-მა დღეს ასევე გამოაქვეყნა მდგრადობის პროგრესის ანგარიში. კომპანიამ 2024 წელს პროგრესი აჩვენა სტრატეგიული პრიორიტეტების მიმართულებით, გააძლიერა საკუთარი მიწოდების ჯაჭვის დეკარბონიზაცია და გაზარდა ნაკლებ ზიანის მომტანი მასალების გამოყენება, შეინარჩუნა სამართლიანი და თანასწორი კომპანიის პრინციპები. პროგრესის ანგარიში ხელმისაწვდომია H&M Group-ის ვებგვერდზე.
„ჩვენ მტკიცედ ვაგრძელებთ მუშაობას მდგრადობის ამბიციური დღის წესრიგის შესრულებაზე. სწორ გზაზე ვართ, რათა 2030 წლამდე ყველა მასალა იყოს ან გადამუშავებული ან მდგრადი წყაროებიდან მიღებული. უკვე 2025 წლის მიზნის — გადამუშავებული მასალების 30 პროცენტამდე გაზრდის მიღწევას თითქმის ერთი წლით ადრე ვუახლოვდებით. მიწოდების ჯაჭვში ნაკლები და სუფთა ენერგიის გამოყენების მიმართულებით ჩვენი ძალისხმევა აჩვენებს მნიშვნელოვან შედეგებს და სრულად შეესაბამება სამეცნიერო პრინციპებზე დაფუძნებულ მიზნებს. ვიცით, რომ წინ კიდევ ბევრი გამოწვევაა, თუმცა დარწმუნებული ვართ, რომ სწორ გზაზე ვდგავართ ჩვენი მდგრადობის მიზნების მისაღწევად,“ - ამბობს ლეილა ერტური, H&M Group-ის მდგრადობის დირექტორი.
მდგრადობის 2024 წლის ძირითადი მაჩვენებლები:
· · 89 პროცენტი მასალებისა იყო გადამუშავებული ან მდგრადი წყაროებიდან მიღებული. მხოლოდ გადამუშავებული მასალების წილი იყო 29.5 პროცენტი, რაც თითქმის უტოლდება 2025 წლისთვის დასახულ 30 პროცენტიან მიზანს.
· სათბური აირების გამონაბოლქვი შემცირდა: 41 პროცენტით იმ მიმართულებით, რომელიც მოიცავს პირდაპირ სათბური აირების ემისიებს, რომლებიც წარმოიქმნება H&M Group-ის საკუთრებაში არსებულ ოპერაციებთან პირდაპირ დაკავშირებული საქმიანობის შედეგად. 24%-იანი შემცირება ფიქსირდება იმ მიმართულებით, რომელიც მოიცავს არაპირდაპირ ემისიებს, რომლებიც წარმოიშობა H&M Group-ის საკუთრებაში არსებული ოპერაციებისათვის შეძენილი ელექტროენერგიისა და სითბოს მოხმარების შედეგად. (2019 წელთან შედარებით).
· 54 პროცენტით შემცირდა პლასტმასის შეფუთვა (2018 წლის ბაზისთან შედარებით), რაც გაცილებით აღემატება 2025 წლისთვის დაგეგმილ 25 პროცენტიან შემცირების მიზანს.
· ტანსაცმლის მიმწოდებელთა ქარხნებში ადგილობრივი ნახშირის ქვაბების გამოყენება შემცირდა: 27 ქარხანამდე - 2023 წელს ეს რიცხვი იყო 46, ხოლო 2022 წელს - 118.
· ტანსაცმლის მიმწოდებლებთან მტკნარი წყლის მოხმარება შემცირდა 9.5 პროცენტით, რაც თითქმის შეესაბამება კომპანიის 10 პროცენტიან მიზანს.
· 26 ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია მეორადი ტანსაცმლის შეთავაზება, H&M Group-ის 38 შერჩეულ მაღაზიაში, სპეციალური პლატფორმის Sellpy-ს მეშვეობით.
H&M Group-მა განაახლა გლობალური ჩარჩო შეთანხმება IndustriALL Global Union-თან და შვედურ პროფკავშირთან IF Metall-თან, რომელიც ერთ მილიონზე მეტი დასაქმებულის ინტერესებს იცავს.