თბილისი (GBC) - საქართველოს პარლამენტში ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებებით, გარემოსდაცვითი მოთხოვნების დარღვევისთვის დაწესებული სანქციები მკაცრდება. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებები, რომლებიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოამზადა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილების გაფართოებასა და დარღვევებზე შემაკავებელი ეფექტის შექმნას ისახავს მიზნად.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, მოქმედი სანქციები რიგ შემთხვევებში ვერ უზრუნველყოფს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის პრევენციულ ფუნქციას. ახალი რეგულირების არეალში ექცევიან ისეთი მსხვილი სუბიექტები, როგორებიცაა: ენერგეტიკული და ინდუსტრიული ობიექტები, ნავთობბაზები, წიაღის მომპოვებლები, მეტალურგიული და ქიმიური ქარხნები, ინფრასტრუქტურული მშენებლობები და ობიექტები, რომლებსაც ჩამდინარე წყლები აქვთ.
კანონპროექტით გათვალისწინებული ძირითადი ფინანსური სანქციები:
- საქმიანობა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე: დაჯარიმდება 25 000-დან 30 000 ლარამდე (მოქმედი რეგულაციით სანქცია 7 000-დან 10 000 ლარამდე იყო).
- საქმიანობა სკრინინგის პროცედურის გარეშე: განისაზღვრება 7 000-დან 10 000 ლარამდე, ხოლო განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში - 20 000 ლარით.
- ექსპლუატაციის პირობების თვითნებური შეცვლა: შესაბამისი გადაწყვეტილების გარეშე პირობების შეცვლა გამოიწვევს ჯარიმას 25 000-დან 30 000 ლარამდე (ნაცვლად 7 000 - 10 000 ლარისა), ხოლო განმეორებითი შემთხვევა - 50 000 ლარით დაჯარიმდება (მოქმედი სანქცია 14 000 ლარი იყო).
- ვალდებულებების შეუსრულებლობა და მიუმართაობა: პირი, რომელიც გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მისაღებად უწყებას არ მიმართავს, პირველ ჯერზე გაფრთხილდება, ხოლო განმეორებითი დარღვევისთვის 5 000 ლარით დაჯარიმდება.
საკანონმდებლო პაკეტით იცვლება ადმინისტრირების წესიც. კერძოდ, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს ეძლევათ უფლებამოსილება, ადგილზე განიხილონ სამართალდარღვევა და გამოწერონ საჯარიმო ქვითარი იმ შემთხვევებში, როდესაც დამატებითი მოკვლევა საჭირო არ არის.
გარდა ამისა, უწყება შეძლებს საჯარიმო ქვითრები საკუთარ ვებგვერდზე საჯაროდ გამოაქვეყნოს, თუ სამართალდამრღვევს დოკუმენტი ორჯერ ვერ ჩაჰბარდება. ასეთ სიტუაციაში, ქვითარი გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს ავტომატურად ჩაითვლება ჩაბარებულად.
ავტორთა განმარტებით, სანქციების გამკაცრება სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ზრდასაც გამოიწვევს, თუმცა კონკრეტული ფინანსური ეფექტი დამოუკიდებელი იქნება დაფიქსირებული დარღვევების რაოდენობაზე.