თბილისი (GBC) - 2025 წელს საქართველო მოლდავური ღვინის იმპორტიორ ქვეყნებს შორის მოცულობის მიხედვით ერთ-ერთ წამყვან პოზიციას იკავებდა, თუმცა იქ შესყიდული პროდუქციის საშუალო ფასი ყველაზე დაბალია სხვა იმპორტიორ ქვეყნებთან შედარებით. აღნიშნულ მონაცემებს ღვინის ეკონომიკის ამერიკული ასოციაცია (AAWE) გაეროს საერთაშორისო სავაჭრო მონაცემთა ბაზაზე (UN Comtrade) დაყრდნობით აქვეყნებს.
სტატისტიკის მიხედვით, 2025 წელს მოლდოვამ საქართველოში 9.55 მილიონი ლიტრი ღვინის ექსპორტი განახორციელა, რითაც მოცულობის თვალსაზრისით მხოლოდ ბელარუსსა და რუმინეთს ჩამორჩება. თუმცა, საქართველო რეიტინგის პირველ ოცეულში გამოირჩევა ლიტრზე ყველაზე დაბალი ფასით - $0.57-ით 1 ლიტრზე, რაც მოლდოვის მსოფლიო საექსპორტო საშუალო ფასზე ($1.51) თითქმის სამჯერ ნაკლებია.
საქართველოში ექსპორტირებული 9.55 მილიონი ლიტრი ღვინის საერთო ღირებულებამ $5.49 მლნ შეადგინა. ღირებულების მიხედვით, საქართველო რეიტინგში მე-6 ადგილზეა, თუმცა ლიტრზე $0.57-იანი ნიშნულით რეიტინგში ყველაზე იაფ ბაზარს წარმოადგენს.
შედარებისთვის, რუმინეთი მოლდოვისთვის ყველაზე შემოსავლიანი პარტნიორია – 15.64 მილიონ ლიტრ მოლდოვურ ღვინოში $43.4 მლნ გადაიხადა და 1 ლიტრის საშუალო ფასი $2.78-ს შეადგენს. მოცულობით პირველ ადგილზე მყოფ ბელარუსზე კი მოლდოვის მთლიანი საექსპორტო რაოდენობის თითქმის მესამედი - 31.97 მილიონი ლიტრი მოდის, თუმცა იქ ლიტრის ფასი დაბალია და $0.78-ს შეადგენს (ჯამური ღირებულება $25.05 მლნ).
მოცულობითა და ღირებულებით სხვა მოწინავე პოზიციებზე არიან პოლონეთი (3.99 მლნ ლიტრი, $1.91/1ლ) და ჩეხეთი (4.49 მლნ ლიტრი, $1.67/1ლ). კვლევის მიხედვით, მოლდოვურ ღვინოში ლიტრზე ყველაზე მაღალ ფასს იაპონია ($3.17), ჩინეთი ($2.98), ნიგერია ($2.8) და რუმინეთი ($2.78) იხდიან.
საერთო ჯამში, 2025 წელს მოლდოვამ მსოფლიო ბაზარზე $148.73 მლნ-ის ღირებულების 98.38 მილიონი ლიტრი ღვინის ექსპორტი განახორციელა, რაც გლობალურად ლიტრზე საშუალოდ $1.51-ს უდრის. მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველო მოლდოვისთვის მნიშვნელოვანი რაოდენობრივი ბაზარია, თუმცა დაბალფასიან სეგმენტს მიეკუთვნება.