თბილისი (GBC) - იუსტიციის სახლის აღმოსავლეთ საქართველოს ფილიალების რემონტის ტენდერში „ანტარეს სერვისი“ ერთადერთი კანდიდატია. „ანტარეს სერვისი“ იუსტიციის სახლის მეორე ტენდერშიც ერთადერთი კანდიდატია, რომელიც დასავლეთ საქართველოს ფილიალების რემონტს გულისხმობს. ტენდერი შერჩევა/შეფასების ეტაპზეა.
ტენდერის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2.9 მლნ ლარი იყო, თუმცა „ანტარეს სერვისი“ სამუშაოებს 2.8 მლნ ლარად შეასრულებს. აღნიშნული ტენდერი მოიცავს აღმოსავლეთ საქართველოში იუსტიციის სახლების 36 ფილიალის რემონტს.
პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ანალოგიური სამუშაოების, კერძოდ, არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობის ან/და ინტერიერის და ექსტერიერის სარემონტო სამუშაოების გამოცდილება, რომლის ჯამური ღირებულებაც 2020 - 2023 წლებში არ უნდა იყოს 1 000 000 ლარზე ნაკლები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით.
შპს „ანტარეს სერვისი“ დარეგისტრირებულია 2012 წელს. მისი 100% წილის მფლობელი ქეთევან მაჭარაშვილია.