თბილისი (GBC) – ვირტუალური ზონის სტატუსის მქონე კომპანიების დაბეგვრასთან დაკავშირებული კანონმდებლობის განსაზღვრა, სამართლიანი და გამჭვირვალე საგადასახადო პოლიტიკის ჩამოყალიბება, შესაბამისი კანონმდებლობის დაზუსტება იყო პარლამენტში გამართული შეხვედრის ძირითადი საკითხები, რომლებიც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა და საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა (ვზპ) ასოციაციის თავმჯდომარემ შორენა კოპალეიშვილმა განიხილეს. 

აღნიშნული საკითხები აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც საგადასახადო შეღავათებით ქვეყანაში მოზიდული ასობით საერთაშორისო და ადგილობრივი IT-კომპანია შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლების მხრიდან დაწესებული საჯარიმო სანქციების წინაშე აღმოჩნდა. საუბარია 2011 წელს მიღებული კანონმდებლობის ბუნდოვანობაზე, რომელიც, ასოციაციის თავმჯდომარის შორენა კოპალეიშვილის აზრით, ხელისუფლების წარმომადგენლებს ინტერპრეტირების შესაძლებლობას აძლევს, კომპანიების დასაჯარიმებლად. საუბარია რამდენიმე მილიონი ლარის ჯარიმებზე, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში დააკისრეს საგადასახადო შეღავათებით მოსარგებლე კომპანიებს.

პარლამენტში გამართულ შეხვედრაში ჩართული იყვნენ ნინო უშიკიშვილი, ევროპული ბიზნეს ასოციაციის დირექტორის მოადგილე, რომელიც ადვოკატირებას უწევს ვზპ ინდუსტრიას და დავით პაპიაშვილი, საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი, საერთაშორისო ქსელური კომპანია Kreston Georgia-ს მმართველი პარტნიორი.

შორენა კოპალეიშვილი ჩვენთან საუბარში დიდ მნიშვნელობას ანიჭებს G2B ფორმატში შეხვედრებს და იმედს იტოვებს, რომ კომიტეტთან კანონმდებლობის დახვეწის საკითხებზე პოზიციებს მიმდინარე თვეში დაგეგმილ შეხვედრაზე შეაჯერებენ.

„უპირველეს ყოვლისა, მინდა პერსონალური მადლობა გადავუხადოთ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ დავით სონღულაშვილს და მისი აპარატის თანამშრომლებს ოპერატიულად გამოხმაურებისა და თემით დაინტერესებისთვის. შეხვედრის მიმდინარეობისას ჩვენი წინადადებები და მოსაზრებები გავუზიარეთ ბატონ დავითს, როგორც ერთ–ერთი აქტიური და წამყვანი კომიტეტის თავმჯდომარეს, რომელსაც კარგად ესმის მცირე და საშუალო ბიზნესის როლი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, მით უფრო, როდესაც ეს ეხება საინფორმაციო ტექნოლოგიებს და ინოვაციებს. ვისაუბრეთ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების სხვადასხვა სამართლებრივ ასპექტზე, მიზანშეწონილობასა და საკითხის დროულად გადაჭრის აუცილებლობაზე. კანონმდებლების მხრიდან მივიღეთ მზადყოფნა, რომ კომიტეტი დაიწყებს ჩვენ მიერ ინიციირებული დოკუმენტის შესწავლას და მომდევნო თვეში მოვახდენთ პოზიციების შეჯერებას“, – ამბობს შორენა კოპალეიშვილი.

ასოციაციის თავმჯდომარე ასევე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ფინანსთა სამინისტროს პოზიციას საკანონმდებლო ინიციატივასთან მიმართებით. უწყების წარმომადგენლებთან ასოციაციამ მანამდე არაერთი შეხვედრა გამართა კანონმდებლობის გამჭვირვალობისა და დახვეწის საკითხებზე.

„აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პოზიცია ამ საკითხებთან დაკავშირებით, რასაც, ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში შევიტყობთ. იმედს ვიტოვებთ რომ ეს შეხვედრაც იქნება პროდუქტიული და ერთობლივად შევძლებთ შედეგის მიღწევას. მოლოდინი პოზიტიური გვაქვს“, – აცხადებს შორენა კოპალეიშვილი.

ნინო უშიკიშვილმა, ევროპული ბიზნეს ასოციაციის დირექტორის მოადგილემ GBC.GE-სთან საუბარში აღნიშნა, რომ ვზპ ინდუსტრიის ადვოკატირების პროცესში გარკვეული პროგრესი უკვე მიღწეულია და რამდენიმე კომპანიას სრულად ან ნაწილობრივ გაუუქმდა საჯარიმო სანქციები, რომლებიც კანონმდებლობის ბუნდოვანებით იყო წარმოქმნილი.

„განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ ადვოკატირების პროცესში ურთიერთთანამშრომლობის შედეგად განხორციელებული ცვლილებები პარალელურად აისახა პრაქტიკაშიც. კერძოდ, რამდენიმე წევრ კომპანიას ჰქონდა მიმდინარე დავა და შემოსავლების სამსახურის მიერ ახლად მიღებული მესამე მეთოდურის გამოყენებით შესაძლებელი გახდა მათთვის დაწესებული ჯარიმების სრულად/ნაწილობრივ გაუქმება“, – ამბობს ნინო უშიკიშვილი.

მისივე თქმით, ვზპ ინდუსტრიის მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე კონკრეტული კომპანიების ინტერესების დაცვა და ეს ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას გულისხმობს.

„საინვესტიციო ჭრილშიც რომ განვიხილოთ საკითხი, ბოლო პერიოდში ვზპ პირთა მიმართ დაწესებული ჯარიმებისა და შეხედულებების/მიდგომების ხშირი ცვლილებებით შექმნილი ფონის გათვალისწინებით, კანონმდებლობის დახვეწა და მეტი განჭვრეტადობა პრინციპულად მნიშვნელოვანია ინფორმაციული ტექნოლოგიების ინდუსტრიის მხარდაჭერის კუთხით ქვეყნის სტრატეგიული პოზიციონირებისა და მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს ფორმირებისთვის“, – განმარტავს ნინო უშიკიშვილი.

მიუხედავად იმ უამრავი პრობლემისა, რაც ვზპ-ის საგადასახადო დაბეგვრის სფეროში არსებობდა და არსებობს, ასევე მიუხედავად იმისა, რომ ვზპ სტატუსის მქონე კომპანიებთან მიმართებით ადგილი ჰქონდა ასეულობით კომპანიის არასამართლიან დაჯარიმებას შემოსავლების სამსახურის მხრიდან (ინდუსტრიის და ექსპერტების პოზიციით), შეიძლება ითქვას რომ ეს კომპანიები მომავლის იმედით კვლავინდებურად წარმატებით აგრძელებენ  ოპერირებას საქართველოში. შორენა კოპალეიშვილის თქმით, მათ დიდი წვლილი შეაქვთ როგორც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, ასევე ახალი ტექნოლოგიების დანერგვასა და ქვეყნის საინფორმაციო ტექნოლოგიების ჰაბად გარდაქმნის პროცესში.

მისივე თქმით, მიუხედავად იმ უამრავი პრობლემისა და გამოწვევებისა, ვზპ კომპანიებმა დიდი წვლილი შეიტანეს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში ყველა მიმართულებით, კერძოდ:

1. ვზპ კომპანიების საქართველოში გადახდილი გადასახადების ოდენობა 2011-2022 წლებში შეადგენს 70 მილიონ ლარზე მეტს.

2. ვზპ კომპანიებში დასაქმებულია ასობით საქართველოს მოქალაქე.

3. ვზპ-ის სტატუსი 1000–ზე მეტ კომპანიას მიენიჭა. მათ  საქართველოში შემოსვლას თან ახლდა აღნიშნულ სფეროში არსებული დიდი გამოცდილებისა და ცოდნის, ასევე მრავალმილიონიანი ინვესტიციების შემოდინება ჩვენს ქვეყანაში, რაც საქართველოს განვითარებისთვის დამატებითი იმპულსის მიმცემია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ასოციაციის გუნდს მიაჩნია, რომ საქართველოს განვითარებისთვის ასეთი პერსპექტიული დარგის მარეგულირებელი კანონმდებლობა უნდა იყოს მკაფიოდ ჩამოყალიბებული და გაწერილი შესაბამისი საკანონმდებლო აქტებში და არ უნდა იძლეოდეს შემოსავლების სამსახურის მხრიდან არასწორი ინტერპრეტირების საშუალებას. ვზპ-ს სტატუსის მქონე კომპანიების საგადასახადო დაბეგვრის ყველა დეტალი გაწერილი უნდა იქნეს საქართველოს საგადასახადო კოდექსში და აღნიშნული სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობაში და არა შემოსავლების სამსახურის მეთოდურ მითითებებსა თუ ე.წ. სიტუაციურ სახელმძღვანელოებში, რაც შიდა ინსტრუქციულ დოკუმენტს წარმოადგენს.

შორენა კოპალეიშვილი ამბობს, რომ როგორც პრაქტიკამ აჩვენა, თუ ვზპ კომპანიების დაბეგვრასთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპები არ დარეგულირდება მოქმედი კანონმდებლობით, ყოველთვის იარსებებს რისკი  იმისა, რომ კომპანიები კვლავ აღმოჩნდნენ დაჯარიმების ახალი ტალღის წინაზე

მისივე აზრით, სწორედ ამიტომ აუცილებელია მოხდეს ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ისეთ საკანონმდებლო აქტებში, როგორიცაა:

1. საქართველოს საგადასახადო კოდექსი

2. საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ საქართველოს კანონი

3. ვზპ-ის სფეროს მარეგულირებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.