თბილისი (GBC) - ქიმწმენდის ობიექტებისთვის რეგულაციები შემსუბუქდა. გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, კანონი აღარ კრძალავს მათ საცხოვრებელ კორპუსებში, ასევე სამედიცინო, საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულების შენობებში განთავსებას. აღნიშნულ შეზღუდვებს მთავრობის 2024 წლის 29 თებერვლის დადგენილება ითვალისწინებს, რომლის თანახმად, ჩამოთვლილ შენობებში ქიმწმენდის ობიექტების განთავსება მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან იკრძალებოდა. 

2024 წლის 1-ელ მარტს, საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული დადგენილების თანახმად, დაუშვებელი ხდებოდა ქიმწმენდის საწარმოების განთავსება საცხოვრებელი, სამედიცინო, საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულების შენობებში. ასევე, იზღუდებოდა აღნიშნული შენობების სიახლოვეს განთავსებაც. კერძოდ, დიდი ქიმწმენდები მსგავსი შენობებისგან მინიმუმ 100 მეტრით უნდა ყოფილიყვნენ დაშორებულნი, ხოლო მინი ქიმწმენდები - 50 მეტრით. მინი ქიმწმენდების განთავსება დასაშვები ხდებოდა საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებების ზონებში, ადმინისტრაციულ შენობებსა და სასტუმროებში.

ამასთან, იკრძალებოდა ქიმიური წმენდისთვის ტანსაცმლის და სხვა ნივთების მიმღები ადგილის განთავსება მაღაზიებში (სუპერმარკეტების იმ სივრცეებში), სადაც კვების პროდუქტები იყიდებოდა.

ამასთან, ობიექტებს უნდა დაიცვათ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები ხმაურთან, ვენტილაციასთან, ვიბრაციასთან, სამუშაო ადგილის განათებასთან, ნარჩენების მართვასთან, სახანძრო უსაფრთხოებასთან მიმართებით.

საქართველოს მთავრობის №286 დადგენილებით კი, რომელიც საკანონმდებლო მაცნეზე დღეს, 2 სექტემბერს გამოქვეყნდა, ქიმწმენდის საწარმოს ამ პუნქტების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაშიც აქვთ ფუნქციონირების გაგრძელების უფლება, თუკი ისინი გარკვეულ სტანდარტებს დააკმაყოფილებენ.

კერძოდ, ობიექტი, რომელიც აკმაყოფილებს  ტექნიკური რეგლამენტის ყველა მოთხოვნას, გარდა მე-4 მუხლის პირველი 3 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნებისა, უფლებამოსილია, განცხადებით მიმართოს შრომის ინსპექციის სამსახურს ობიექტის ფუნქციონირების შესახებ თანხმობის მისაღებად.

შრომის ინსპექციის სამსახური, 10 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს, დაცულია თუ არა ქიმწმენდის ობიექტის მხრიდან ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები. ამის შემდეგ აღნიშნული უწყება შესულ განცხადებას, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, უგზავნის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს, რომელიც ადგენს ქიმწმენდის ობიექტის მიმდებარე ტერიტორიაზე მავნე ნივთიერებებით ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მდგომარეობას და 5 სამუშაო დღის ვადაში შრომის ინსპექციის სამსახურს უგზავნის დასკვნას ქიმწმენდის ობიექტის ფუნქციონირების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის/შეუსაბამობის შესახებ.

ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების, აგრეთვე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან დადებითი დასკვნის მიღების შემთხვევაში, შრომის ინსპექციის სამსახური გასცემს თანხმობას ქიმწმენდის ობიექტის ფუნქციონირების შესახებ.

„ტექნიკური რეგლამენტი – ქიმწმენდის ობიექტების მოწყობის, ფუნქციონირებისა და ექსპლუატაციის სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები“ „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონის გათვალისწინებით, მთავრობის შესაბამისი დადგენილებით, მიმდინარე წლის თებერვალში  დამტკიცდა.

რეგლამენტის მიხედვით, ქიმწმენდის საწარმო ვალდებულია, გაიაროს რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში და მოახდინოს მისი საქმიანობის რეგისტრაცია „ქიმწმენდის საწარმოდ“.

გარდა ზემოთ მოყვანილი რეგულაციებისა, რომლებიც მთავრობის ახალი დადგენილებით შემსუბუქდა, რეგლამენტში გაწერილია და ძალაში რჩება მთელი რიგი სტანდარტები როგორც დასაქმებულების უფლებების დაცვის, ისე დაბინძურებისგან გარემოს დაცვის კუთხით.

კერძოდ, ქიმწმენდის საწარმოო, დამხმარე და საყოფაცხოვრებო სათავსები უნდა აღიჭურვოს ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემებით. ასევე განსაზღვრულია ხმაურის დასაშვები ნორმები და განათების მოთხოვნები.

ტექნოლოგიური დანადგარები, რომლებიც წარმოადგენს მავნე ნივთიერებათა გამოყოფის წყაროებს, აღჭურვილი უნდა იყოს ადგილობრივი და ავარიული სავენტილაციო გამწოვი მოწყობილობებით, საიდანაც მათზე მიერთებული მილის საშუალებით გაწოვილი მავნე ნივთიერებები მოხვდება ატმოსფერულ ჰაერში. მილის სიმაღლე უნდა აღემატებოდეს იმ შენობების სიმაღლეს, სადაც განთავსებულია ქიმწმენდის საწარმოები.

ქიმწმენდის საწარმოში დასაქმებული პირები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ სპეციალური ტანსაცმლით, ფეხსაცმლით, ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით. დასახელებულ მოთხოვნებზე ზედამხედველობა 2024 წლის 1 სექტემბრიდან განხორციელდება.

ზედამხედველი ორგანოებია შრომის ინსპექციის სამსახური და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.