თბილისი (GBC) – ელექტრონული კომერციის რუსული კომპანია „ოზონი“ საქართველოს ბაზარზე გამოჩნდა. ამის შესახებ მარკეტფლეისის ოფიციალურ საიტზე ატვირთულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მომხმარებლებს შეკვეთილი საქონლის მიღება შეუძლიათ როგორც საქართველოს მსხვილ ქალაქებში (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ფოთი, ზუგდიდი, რუსთავი), ისე მცირე ზომის ქალაქებშიც, მათ შორის მაღალმთიანში (ხაშური, ბორჯომი, ამბროლაური, ონი, ოზურგეთი და სხვ.).
ტელეგრამ–არხების ცნობით, ზოგიერთ ქალაქში საკურიერო მომსახურებაც ხელმისაწვდომია. ამ ეტაპზე მიწოდების ვადა დაახლოებით 14 დღეა, რაც სამომავლოდ შესაძლოა შემცირდეს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეკვეთის მაქსიმალური ფასი 90 ევროა, მაქსიმალური წონა – 29,5 კგ, მაქსიმალური გაბარიტი კი – 120x80x50 სმ.
„ოზონმა“ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მუშაობის დაწყების შესახებ აგვისტოში განაცხადა.
კომპანია დსთ–ს ქვეყნებში 2021 წლიდან ავითარებს ბიზნესს და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა უკვე აქვს ბელარუსში, სომხეთში, ყაზახეთში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში.
„ოზონის“ გენერალური დირექტორი ალეკსანდრ შულგინი 2022 წლის აპრილში ევროკავშირის მიერ დასანქცირებულთა სიაში მოხვდა, რის შემდეგაც მან ხელმძღვანელი თანამდებობა დატოვა. 2023 წლის სექტემბერში ხდება ცნობილი, რომ ევროკავშირის სასამართლომ ლუქსემბურგში შულგინს სანქციები მოუხსნა.
მანამდე მედიაში გაჩნდა ცნობები, საქართველოს ბაზარზე კიდევ ერთი რუსული მარკეტფლეისის Wildberries შემოსვლის შესახებ. იმასაც წერდნენ, რომ შეკვეთების გატანის სატესტო პუნქტიც კი გახსნეს, თუმცა კომპანიას საქართველოში ოპერირება ოფიციალურად არ დაუწყია.