თბილისი (GBC) – საქართველოში ვიზიტით მყოფმა სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა, სამშაბათს, თბილისში განაცხადა, რომ მისი ქვეყანა აღიარებს საქართველოს მნიშვნელოვან ეკონომიკურ მიღწევებს და აქტიურად სწავლობს ქართულ გამოცდილებას, რადგან ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპები ევროპაში ანალოგის გარეშეა.
ამის შესახებ ვუჩიჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. აღსანიშნავია, რომ ეს სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტია საქართველოში.
„სერბეთში ყველამ იცის, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი პირველ კვარტალში 9.3% იყო. ჩვენ ვიცით, რომ ევროპას მსგავსი მაჩვენებელი არ გააჩნია. დასავლეთ ევროპაში ეკონომიკური განვითარების ასეთი ტემპი რომ არსებობდეს, ეს საოცარი იქნებოდა“, - განაცხადა სერბეთის ლიდერმა და დასძინა, რომ საქართველომ 2012 წლიდან დღემდე „საოცარი შედეგები“ აჩვენა.
ვუჩიჩმა განსაკუთრებით გამოყო დარგობრივი წინსვლა, მათ შორის ტურიზმის სექტორი და მშენებლობის დარგში დაფიქსირებული 12-პროცენტიანი ზრდა. მისი თქმით, ბელგრადი აანალიზებს ამ მონაცემებს, რათა განსაზღვროს, თუ რა მიმართულებებით სჭირდება სერბეთს მეტი მუშაობა ქართულ მაჩვენებლებთან მიახლოებისთვის.
ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას, ვუჩიჩმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ ხანგრძლივ მართლმადიდებლურ ტრადიციებსა და „ძმურ კავშირებს“. ვიზიტის ფარგლებში სერბეთის პრეზიდენტი ასევე შეხვდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრეს, მიტროპოლიტ შიო მესამეს.
„დიპლომატიური კავშირების მიღმა ჩვენს ქვეყნებს განსაკუთრებული ურთიერთობები აქვთ. ჩვენ ყოველთვის გვესმის ერთმანეთის და იმ პოლიტიკის, რასაც ჩვენს ქვეყნებში ვახორციელებთ“, - აღნიშნა ალექსანდარ ვუჩიჩმა.