თბილისი (GBC) – საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, საზღვარგარეთ დასაქმების სააგენტოებზე კონტროლი მკაცრდება. როგორც უწყების მიერ მომზადებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, საკმაოდ ბევრია ისეთი საშუამავლო ფიზიკური და იურიდიული პირების რაოდენობა, რომლებიც ხშირად უკანონო საშუამავლო მომსახურებას ეწევიან.
ასეთი სუბიექტები საზღვარგარეთ დასაქმების მსურველ პირებს, საკმაოდ მაღალი საფასურის გადახდის სანაცვლოდ, სთავაზობენ უხარისხო სერვისს, აწვდიან არასწორ ინფორმაციას, შედიან ყალბ გარიგებებში და ხელს უწყობენ საზღვარგარეთ არალეგალურ დასაქმებას, რაც, ართულებს მიგრანტთა სამშობლოში დაბრუნების პროცესსაც.
„პრობლემის მასშტაბის გათვალისწინებით, აუცილებელია ასეთი შუამავალი პირების საქმიანობის რეგულირების და მონიტორინგის ეფექტური სისტემის დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, შრომითი ემიგრანტების უფლებების დაცვას, მეორე მხრივ კი, წაახალისებს ამ სფეროში კეთილსინდისიერად მომუშავე, კომპეტენტურ და სანდო დასაქმების სააგენტოებს“, - ნათქვამია კანონპროექტში.
უწყების ცნობით, სამართლებრივი და აღმასრულებელი მექანიზმების არარსებობის გამო ვერ ხერხდება იდენტიფიცირებული საშუამავლო კომპანიების მიმართ არსებული კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ნორმების (ჯარიმების) აღსრულებაც. კერძოდ, არსებული კანონმდებლობა ითვალისწინებს, საშუამავლო კომპანიების ვალდებულებას წელიწადში ერთხელ მოახდინონ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმირება მათ მიერ გაწეული საშუამავლო საქმიანობის თაობაზე. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონი ადგენს 300 ლარიან ჯარიმას (დარღვევის განმეორების შემთხვევაში 600 ლარიან ჯარიმას), რომლის აღსრულებასაც ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო.
შესაბამისი სამართლებრივი და აღმასრულებელი მექანიზმების არარსებობის ან განუვითარებლობის გამო, ვერ ხერხდება კანონდამრღვევი საშუამავლო კომპანიების დაჯარიმება. საჯარიმო ქვითრები შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ იგზავნებოდა და იგზავნება საქართველოს ფოსტით და უმეტესწილად ვერ ბარდებოდა/ბარდება ადრესატებს, რის გამოც ამ პერიოდში დაგროვდა საკმაო ოდენობის გადაუხდელი ჯარიმები. 2017 წლიდან დღემდე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში ირიცხება 143 600 ლარის ღირებულების აღუსრულებელი საჯარიმო ქვითრები, რომლებიც ვერ ჩაბარდა ადრესატს და ირიცხება მის დებიტორთა ბალანსზე.