თბილისი (GBC) – გასულ წელს საქართველოში ყველაზე პოპულარული პროფესია აბიტურიენტებს შორის მენეჯმენტი იყო. მეორე ადგილზე კი იურიდიული ფაკულტეტია.
კერძოდ, მთლიანი არჩევანის მიხედვით, 16% მოდის მენეჯმენტზე, ხოლო 11% კი სამართალზე. TBC კაპიტალის მიერ ჩატარებული კვლევით, პირველი არჩევანის მიხედვით, ყველაზე მოთხოვნად პროფესიებში მესამე ადგილს იკავებს სოციალური მეცნიერებები, მას მოსდევს პროგრამული უზრუნველყოფა და ფსიქოლოგია.
რაც შეეხება ყველაზე მოთხოვნად უნივერსიტეტებს - კერძო უნივერსიტეტებში ყველაზე მაღალი მოთხოვნა თავისუფალ უნივერსიტეტზეა - კერძოდ, შეთავაზებული ადგილების და აბიტურიენტების რაოდენობის მიხედვით რომლებმაც პირველ რჩეულად თავისუფალი უნივერსიტეტი ჩაწერეს. მეორე ადგილზეა პეტრე შოთაძის სამედიცინო უნივერსიტეტი; მას მოსდევს აგრარული უნივერსიტეტი და ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი.
ყველაზე მაღალი ქულების მქონე აბიტურიენტების უმეტესობა - 60% არჩევანს თავისუფალ უნივერსიტეტზე აჩერებს. ტოპ 100 სტუდენტს შორის არჩევანის მიხედვით მეორე ქუთაისის უნივერსიტეტი - KIU-ა, რომელიც ტოპ ქულების მქონე აბიტურიენტების 35%-მა აირჩია 2022 წელს.
ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შეიცვალა ყველაზე მაღალი ქულების მქონე აბიტურიენტების არჩევანი პროფესიის კუთხით. კერძოდ, მათი 90% სწავლას პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით აგრძელებს, მას მოსდევს მათემატიკა-ფიზიკა და ეკონომიკა.
სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის ყველაზე მეტი სტუდენტი TSU-ს და ილიაუნის ირჩევს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში უცხოელი სტუდენტების რიცხვი იზრდება და გასულ წელს მათმა რაოდენობამ რეკორდული 17 000 შეადგინა, რაც წლიურად 20%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.