თბილისი (GBC) - Galt & Taggart საქართველოში 2025 წლის დეკემბრის IT სექტორის კვლევას აქვეყნებს და წერს, რომ ბოლო წლებში ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი (ICT) სწრაფი ტემპით გაიზარდა და საქართველოს ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი გახდა. 3Q25-ის მონაცემებით, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი საქართველოს ეკონომიკაში სიდიდით მეოთხე ადგილს იკავებს და ნომინალური მშპ-ს 8.2% უჭირავს.
Galt & Taggart აღნიშნავს, რომ ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი ექსპორტზეა ორიენტირებული და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის მომსახურების ექსპორტში. 2024 წელს ICT ექსპორტმა $842 მლნ შეადგინა, რაც მთლიანი მომსახურების ექსპორტის 10.9% იყო. 3Q25-ში ICT ექსპორტი წლიურად 52.3%-ით გაიზარდა და $898 მლნ-ს მიაღწია, რაც მთლიანი მომსახურების ექსპორტის 14%-ს შეადგენდა.
ICT სექტორის ზრდაში ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი IT ქვე-სექტორია. 3Q25-ში IT სექტორის შემოსავალი 4.5 მლრდ ლარამდე გაიზარდა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდს 2.1-ჯერ აღემატებოდა. შემოსავლების ზრდა ძირითადად ექსპორტის მკვეთრი ზრდით იყო განპირობებული.
2025 წლისგან განსხვავებით, 2024 წელს IT სერვისების ექსპორტი წლიურად 9.2%-ით შემცირდა, რაც რამდენიმე მსხვილი საერთაშორისო IT კომპანიის შედარებით სუსტ შედეგებს უკავშირდებოდა. მიუხედავად ამისა, მცირე საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიების ზრდის ფონზე, სექტორის საერთო ბრუნვა 2024 წელს 48.8%-ით გაიზარდა.
IT სექტორის ზრდისა და ექსპორტის ძირითადი მამოძრავებელი ძალა საერთაშორისო კომპანიებია, რასაც დიდწილად ხელი შეუწყო 2020 წელს საგადასახადო შეღავათების შემოღებამ. შედეგად, საქართველოს IT სექტორი მცირე, ლოკალური დარგიდან საერთაშორისო კომპანიებისთვის მიმზიდველ დარგად ჩამოყალიბდა.
სექტორის ზრდა განსაკუთრებით დაჩქარდა 2022 წელს, გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, საერთაშორისო IT კომპანიებისა და სპეციალისტების რელოკაციის შედეგად. საერთაშორისო კომპანიებისა და კვალიფიციური კადრების შემოსვლამ IT სექტორში ხელფასების დონე გააორმაგა 2020-2024 წლებში, რის შედეგადაც ეს სფერო კარიერულად განსაკუთრებით მიმზიდველი გახდა. მაღალი ანაზღაურებისა და საერთაშორისო კარიერული შესაძლებლობების ფონზე, IT განათლებაზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა.
ამჟამად, IT-ის მიმართულებით საქართველოს 21 უნივერსიტეტში 12,000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს.
Galt & Taggart წერს, რომ IT კურსდამთავრებულების მზარდი მიწოდების პარალელურად, ადგილობრივ დასაქმების პლატფორმებზე IT სპეციალისტებზე მოთხოვნა შესუსტდა, რაც რამდენიმე ფაქტორმა, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის (AI-ის) ფართო დანერგვამ განაპირობა. მეორეს მხრივ, ქართველი IT სპეციალისტების საერთაშორისო ჩართულობა გაიზარდა - GitHub-ზე საქართველოდან რეგისტრირებული დეველოპერების რაოდენობა 2024 წელს წლიურად 22%-ით გაიზარდა და 138.3 ათასს მიაღწია.
IT სექტორის გლობალიზაციისა და ქართველი სპეციალისტების საერთაშორისო ინტეგრაციის ფონზე, გლობალურ ტენდენციებთან ადაპტაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით სპეციალიზაციისა და სამუშაო კვალიფიკაციის ძალის ამაღლების მიმართულებით. AI-ის მიერ საბაზისო ამოცანების ავტომატიზაციის შედეგად, მოთხოვნა სულ უფრო მეტად იზრდება მაღალი სპეციალიზაციის მქონე კადრებსა და AI სთან დაკავშირებულ პოზიციებზე.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის შეფასებით, 2030 წლისთვის სამუშაოს შესრულება თანაბრად გადანაწილდება ადამიანურ, ტექნოლოგიურ და ჰიბრიდულ მოდელებს შორის, რაც კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად უწყვეტი გადამზადების მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის. ამ ტენდენციების გათვალისწინებით, საქართველოში სამუშაო ძალის გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება ICT ექსპორტის შემდგომი ზრდის ერთ-ერთ საკვანძო წინაპირობას წარმოადგენს.
Galt & Taggart საკუთარ კვლევაში აღნიშნავს, რომ საგადასახადო შეღავათების გარდა, საქართველოს კონკურენტუნარიანობას ხელს უწყობს ინტერნეტის შედარებით დაბალი ღირებულება და ხელსაყრელი საცხოვრებელი გარემო. მიუხედავად იმისა, რომ ფიქსირებული ინტერნეტ ინფრასტრუქტურა კვლავ ჩამორჩება რეგიონის ქვეყნებს, მობილური ინტერნეტის სიჩქარე 2025 წელს მკვეთრად გაიზარდა, რაც ქვეყნის სწრაფი ტექნოლოგიური განვითარების პოტენციალს უსვამს ხაზს.
საერთო ჯამში, IT სექტორის მდგრადი ზრდის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია სამუშაო ძალის სპეციალიზაცია, კვალიფიკაციის ინფრასტრუქტურის პერიოდში. გაუმჯობესება ამაღლება და საშუალოვადიან.