თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, საქართველოს რკინიგზის ხაზების მთლიანი სიგრძე 2025 წლის ბოლოსათვის 2 441 კილომეტრს შეადგენდა, საიდანაც ელექტრიფიცირებული იყო 98.4%. რკინიგზის ლიანდაგების გაშლილი სიგრძე იყო 1 978.9 კილომეტრი, რომლის 44% მთავარი ხაზების სიგრძეა, 29.3% - განშტოებების სიგრძე, 23.9% სადგურის ლიანდაგებია, ხოლო 2.9% - მისასვლელი ლიანდაგები.

2025 წელს, 2024 წელთან შედარებით, საქართველოს რკინიგზით გადატანილია 3%-ით ნაკლები, სულ 13.3 მლნ. ტონა ტვირთი. აღნიშნული მოცულობის 7.9% მოდის ადგილობრივ გადაზიდვაზე, 34.7% - საერთაშორისო გადაზიდვაზე (არ მოიცავს ტრანზიტს), ხოლო 57.5% - ტრანზიტზე.

2025 წელს საერთაშორისო გადაზიდვის რეჟიმში რკინიგზით გადატანილი ტვირთის ჯამური მოცულობის 75.8% მოდის ქვეყანაში შემოტანილ ტვირთზე, 24.2% კი - ქვეყნიდან გატანილზე.

საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 35.8%-ს გამომგზავნ ქვეყანას რუსეთის ფედერაცია წარმოადგენდა, 27.2%-ს გამომგზავნს - აზერბაიჯანი, თითოეული დანარჩენი გამომგზავნი ქვეყნების წილი კი 10-10%-ზე ნაკლები იყო (ჯამურად 37%).

2025 წელს რკინიგზით გატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 16.2%-ს დანიშნულების ქვეყანას სომხეთი წარმოადგენდა, 9.2 პროცენტისას - ყაზახეთი, 8.4 პროცენტისას - რუსეთის ფედერაცია, თითოეული დანარჩენი ტვირთის მიმღები ქვეყნების წილი კი შედარებით ნაკლები იყო (ჯამურად 66.2%).

2025 წელს ტრანზიტით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის განაწილება დანიშნულების ქვეყნის მიხედვით შემდეგნაირი იყო: 13.4% - ნიდერლანდები, 10.8% - თურქეთი, 6.6% - ჩინეთი, 2.9% - უკრაინა, 2.4% - იტალია, 1.3% - რუმინეთი, დანარჩენი კი სხვა ქვეყნებზე მოდიოდა. ამავე პერიოდში, ტრანზიტით გადატანილი ტვირთის 6%-ს გამომგზავნ ქვეყანას ბრაზილია წარმოადგენდა, 3.0 პროცენტისას - თურქეთი, 1.2 პროცენტისას - აშშ, ხოლო დანარჩენი სხვა ქვეყნებზე მოდიოდა.

საანგარიშო პერიოდში, რკინიგზით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 36.4% მოდიოდა კოქსისა და რაფინირებული ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფზე, 20.9% - ქიმიკატების, ქიმიური პროდუქტების და ხელოვნური ბოჭკოების; რეზინის და პლასტმასის პროდუქტების სასაქონლო ჯგუფზე, ხოლო 12.8% - ლითონის მადანსა და სხვა სამთო და კარიერულ პროდუქტებზე.

საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს სასაქონლო ჯგუფების მიხედვით განაწილება განსხვავებული იყო ადგილობრივი გადაზიდვების შემთხვევაში და 56.5% ლითონის მადანსა და სხვა სამთო და კარიერულ პროდუქტებზე მოდიოდა, 22.7% ეჭირა კოქსსა და რაფინირებულ ნავთობპროდუქტებს, ხოლო 9.9% - სატრანსპორტო აღჭურვილობის სასაქონლო ჯგუფს.

რაც შეეხება საერთაშორისო გადაზიდვებს, საანგარიშო პერიოდში რკინიგზის საშუალებით ძირითადად შემოტანილია კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები (47.3%), სხვა არამეტალური მინერალური პროდუქტები (17%), ლითონის მადანი და სხვა სამთო და კარიერული პროდუქტები (11%), სოფლის მეურნეობის, ნადირობისა და მეტყევეობის პროდუქტები (6.8%), ქვანახშირი და ლიგნიტი (5%), ძირითადი ლითონები (4,7%), ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (2.7%); ხოლო გატანილია ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (35%), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (25.6%), ლითონის მადანი და სხვა სამთო და კარიერული პროდუქტები (13%) და ძირითადი ლითონები (12.1%).

2025 წელს ტრანზიტული ტვირთის მთლიანი მოცულობის 78.6% სამ სასაქონლო ჯგუფზე მოდიოდა, კერძოდ: კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები (38.2%), ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (30%), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (10.4%).

2025 წელს საქართველოს რკინიგზის მიერ გადაყვანილია 1 717.9 ათასი მგზავრი, რაც 17.3%-ით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე. ამავე პერიოდში, მგზავრთბრუნვის მოცულობამ 393.3 მილიონი მგზავრ-კილომეტრი შეადგინა, რაც 17.7%-ით ნაკლებია 2024 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

2025 წელს ადგილობრივი მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 1 690.2 ათასი მგზავრი, რაც რკინიგზით გადაყვანილი მგზავრების მთლიანი რაოდენობის 98.4%-ს შეადგენს და 17.5%-ით ჩამორჩება 2024 წლის შესაბამის მაჩვენებელს.

ამასთან, საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 27.7 ათასი მგზავრი, რაც 2.4%-ით ნაკლებია გასული წლის მაჩვენებელზე. საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილი მგზავრების 67.9% შემოვიდა სომხეთიდან, ხოლო სომხეთის მიმართულებით გავიდა 32.1% (2025 წელს სხვა მოსაზღვრე ქვეყნის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანა არ განხორციელებულა).