თბილისი (GBC) - ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმის მიერ გამოქვეყნებული ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, 2025 წელს საქართველოში მედიის თავისუფლების კუთხით ვითარება მკვეთრად გაუარესდა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ქვეყანაში პრესის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული ინსტიტუციური რეპრესიებისა და საკანონმდებლო ცვლილებების ტალღა ფიქსირდება.
ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს პლატფორმას საქართველოდან 32 შეტყობინება წარედგინა, რაც წინა წელთან შედარებით 78%-იან ზრდას წარმოადგენს. ევროპელი ექსპერტები ამ მაჩვენებელს „ინსტიტუციურ რეპრესიებს, პოლიტიზებულ სამართალდამცავ ორგანოებსა და სახელმწიფო ინსტიტუტების ხელში ჩაგდებას“ უკავშირებენ.
ჟურნალისტების დაკავება და სამართლებრივი დევნა
ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მედიასაშუალებების, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეს, რომელსაც 2025 წლის აგვისტოში ორწლიანი პატიმრობა მიესაჯა.
დოკუმენტის ავტორები აღნიშნულ პროცესს „უაღრესად პოლიტიზებულად“ აფასებენ.
დოკუმენტში ასევე მოხვდა ჟურნალისტების, ნინია კაკაბაძისა (Mediachecker) და მამუკა მგალობლიშვილის („პუბლიკა“) დაკავების ფაქტები, რომლებიც აქციების გაშუქებისას ადმინისტრაციული ბრალდებით დააკავეს.
რეპრესიული კანონმდებლობა და ეკონომიკური ზეწოლა
ევროპის საბჭო ხაზს უსვამს 2025 წელს მიღებულ რამდენიმე კანონპროექტს, რომლებმაც მედიის საქმიანობა შეზღუდა:
„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონი“: ითვალისწინებს ჯარიმებსა და თავისუფლების აღკვეთას.
ცვლილებები „გრანტების შესახებ“ კანონში: უცხოელ დონორებს აღმასრულებელი ხელისუფლებისგან წინასწარ თანხმობას ავალდებულებს.
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონი: გააფართოვა კომუნიკაციების კომისიის (GNCC) უფლებამოსილებები, რამაც უკვე წარმოშვა დავები ტელეკომპანიების, „ფორმულასა“ და „TV პირველის“, წინააღმდეგ.
გარდა ამისა, ანგარიშში აღნიშნულია პრესის თავისუფლების ჯგუფებისა და საგამოძიებო მედიასაშუალებების (Project 64, iFact) საბანკო ანგარიშების გაყინვის ფაქტები.
საზოგადოებრივი მაუწყებელი და უცხოელი ჟურნალისტები
დოკუმენტი კრიტიკულად აფასებს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის (სსმ) მდგომარეობასაც.
ევროკავშირის მონაცემებზე დაყრდნობით, ანგარიშში ნათქვამია, რომ მაუწყებელს არ გააჩნია დამოუკიდებლობა და ხელს უწყობს ანტიევროპული რიტორიკის გავრცელებას. ნახსენებია ჟურნალისტების, ვასილ ივანოვ ჩიქოვანისა და ნინო ზაუტაშვილის გათავისუფლება სარედაქციო პოლიტიკაში პოლიტიკური ჩარევის გაპროტესტების გამო.
პრობლემად რჩება უცხოელი ჟურნალისტების ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვაც. უარი ეთქვათ ბრიტანელ, ფრანგ, იტალიელ და შვეიცარიელ ფოტოჟურნალისტებს.
ანგარიშის ავტორები ასკვნიან, რომ მიუხედავად „უპრეცედენტო რეპრესიებისა“, ქართველი ჟურნალისტები მედეგობას იჩენენ. თუმცა, დოკუმენტი აფრთხილებს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ „დაუყოვნებლივი მხარდაჭერისა და ზეწოლის გარეშე“, ქვეყანაში დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა შესაძლოა არამდგრადი გახდეს.