თბილისი (GBC) - Reuters–ის ცნობით, საბერძნეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 36 წლის მამაკაცი, რომელიც ეჭვმიტანილია კუნძულ კრეტაზე მდებარე აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ბაზის სასარგებლოდ ჯაშუშობაში. აღნიშნული ბაზა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტს წარმოადგენს - ამის შესახებ ინფორმაციას პოლიციისა და დაზვერვის წყაროები ორშაბათს ავრცელებენ.
მამაკაცი ათენის აეროპორტში, ქვეყნის დაზვერვის სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს. კრეტაზე, სუდას ყურეში (Souda Bay), განთავსებულია საბერძნეთის, აშშ-ისა და NATO-ს სამხედრო ობიექტები. ახლახან ბაზას, მარაგების შესავსებად, ახლო აღმოსავლეთში გამგზავრებამდე, აშშ-ის ავიამზიდი „ჯერალდ ფორდი“ (Gerald R. Ford) ეწვია. საბერძნეთის ხელისუფლებამ საქმეზე გამოძიება დაიწყო და ამჟამად ციფრულ მტკიცებულებებს სწავლობს.
დაზვერვის წყაროს ცნობით, ეჭვმიტანილის ტელეფონში აღმოჩენილია ამერიკული ავიამზიდის ფოტოები. ხელისუფლება იკვლევს მობილური აპლიკაციის მეშვეობით მის შესაძლო კავშირებს ირანში მყოფ პირთან.
Reuters წერს, რომ დაკავებული, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, საბერძნეთში გერმანიიდან 3 თებერვალს ჩავიდა და გასულ თვეში სუდას მახლობლად მდებარე სასტუმროში იმყოფებოდა. წყაროების თანახმად, მას წარდგენილ ბრალდებებთან დაკავშირებით განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.
ივნისში საბერძნეთის პოლიციამ ჯაშუშობის ეჭვით კიდევ ერთი პირი დააკავა, რომელიც ასევე რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა დასავლეთ კრეტაზე მდებარე საზღვაო და საჰაერო ბაზის მახლობლად. მას შემდეგ, რაც შაბათს ისრაელმა და აშშ-მა ირანზე იერიშები მიიტანეს, ბაზაზე უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია.