თბილისი (GBC) - recov.ge-ის მონაცემებით, ბათუმში 2025 წლის აგვისტოში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 16.5%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 19.4%-იანი კლება დაფიქსირდა. ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე ტრანზაქციების რაოდენობა 27%-ით გაიზარდა, მეორეულ ბაზარზე კი 6%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
ბათუმში 2025 წლის აგვისტოში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 24.2%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,358 აშშ დოლარი შეადგინა. ფასი გაიზარდა როგორც პირველად (39.3%), ასევე მეორეულ ბაზარზე (9.5%). აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ მსხვილ პროექტში მიმდინარე წლის აგვისტოში ერთიანად დარეგისტრირდა 140-მდე ტრანზაქცია, რამაც გამოიწვია საშუალო შეწონილი ფასის მკვეთრი ზრდა. ამ პროექტის გარეშე მაჩვენებელი 11.8%-ით გაიზარდა.
უნდა აღინიშნოს, რომ პირველად ბაზარზე ტრანზაქციების ნაწილი გვიან რეგისტრირდება, რის გამოც ფასების ზრდის ტრენდი არ ასახავს რეალობას.
recov.ge-ის ინფორმაციით, 2025 წლის აგვისტოში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის აგვისტოსთან შედარებით 13.6%-ით გაიზარდა და 1,298 ერთეული შეადგინა, ბაზრის ზომა კი 36%-ით 80 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.