თბილისი (GBC) – ნავთობის ფასები ოთხშაბათის ვაჭრობაზე ოდნავ მცირდება, მას შემდეგ, რაც გუშინ 1%–ზე მაღალი ნახტომი გააკეთა. თუმცა, არ ცხრება გეოპოლიტიკური დაძაბულობიდან მომდინარე შიშები, რაც „შავ ოქროს“ ფასების შენარჩუნებაში ეხმარება. ამასთან, ტრეიდერებს ფედრეზერვის მიერ საპროცენტო განაკვეთის დაწევის მოლოდინი აქვთ. 

კერძოდ, ოთხშაბათს დილით Brent-ის მარკის ნავთობის ფასი0,19%–ით შემცირდა – $68,34–მდე ბარელზე, ხოლო WTI 0,17%–ით გაიაფდა $64,42–მდე ბარელზე.

წინა სავაჭრო სესიაზე, სამშაბათს, ორივე მარკის ნავთობი 1%–ზე მეტით გაძვირდა იმის მოლოდინით, რომ რუსეთიდან ნედლეულის მიწოდებები შეიძლება ჩამოიშალოს.

რუსეთი, რომლის წილიც მსოფლიო ნავთობმოპოვებაში 9%–ს შეადგენს, შეიძლება იძულებული გახდეს, შეამციროს ნედლეულის მოპოვება უკრაინული დრონების იერიშების გამო ქვეყნის საკვანძო ნავთობგადამამუშავებელ ობიექტებზე. ამის შესახებ სააგენტო REUTERS ნავთობის სექტორიდან სამ დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით წერს.