თბილისი (GBC) - 2024 წლის 9 თვეში საქართველოში ელექტროენერგიის გენერაცია 1.5%-ით გაიზარდა და 11.4 ტვტ.სთ შეადგინა, - ამის შესახებ „გალტ&თაგარტის“ კვლევაში ვკითხულობთ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ელექტროენერგიის გენერაციაში უდიდესი წილი ჰიდროელექტროსადგურებზე მოდიოდა და საანგარიშო პერიოდში 83.5% შეადგინა.

„ჰიდრო გენერაცია წლიურად 7.2%-ით გაიზარდა 9.5 ტვტ.სთ-მდე და ჯამური გენერაციის 83.5% შეადგინა. ზრდა გამოწვეული იყო ამ წლის სახარბიელო ჰიდროლოგიით და მარეგულირებელი სადგურების ოპტიმალური მუშაობით“, - აღნიშნულია კვლევაში.

გენერაციაში 16% თბოელექტროსადგურებს ეკავა. აქვე საგულისხმოა ისიც, რომ ამ ტიპის სადგურების გამომუშავება წლიურად 20.3%-ით არის შემცირებული. კვლევის მიხედვით, კლება ჰიდრო გენერაციის ზრდითა და ექსპორტის შემცირებით იყო გამოწვეული.

ქარის სადგურების მიერ გამომუშავებული ენერგია წელს 9 თვეში მხოლოდ 1%-მდე იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ ქარის ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია წლიურად 9.2%-იან კლებას აჩვენებს.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს ძალაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე ქარის, მზის და 100 მგვტ-მდე დადგმული სიმძლავრის ჰიდრო ელექტროსადგურები შესაძლოა, გათავისუფლდნენ წინა-სამშენებლო გარანტიის წარდგენის ვალდებულებისგან. ეს ცვლილება მიზნად ისახავს ახალი განახლებადი წყაროების აღმოჩენას და განვითარებას.

energynews.ge