თბილისი (GBC) - ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოპოზიციონერი წევრები ცესკოს კომისიის სხდომის სასწრაფოდ ჩატარებას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. როგორც მათ დღევანდელ ერთობლივ ბრიფინგზე განმარტეს, ამის მიზეზი არის ის, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა.

„არჩევნებიდან 10 დღე გავიდა და ამ 10 დღის განმავლობაში ჩართული მხარეები, არასამთავრობო ორგანიზაციები და რაც მთავარია, ქართველი ამომრჩეველი აპროტესტებდა კონსტიტუციის ძირითადი პრინციპის-ფარულობის დარღვევას. ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა გუშინდელმა სასამართლომ.

ცესკოს ოპოზიციონერი წევრები მოვითხოვთ ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა სასწრაფო წესით მოიწვიოს კომისიის სხდომა, სადაც არჩევნები არჩატარებულად გამოცხადდება და მოვითხოვთ ხელახალი არჩევნების ჩატარებას", - განაცხადა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ცესკოში, დავით კირთაძემ.

ამასთან, ცესკოს კიდევ ერთი ოპოზიციონერი წევრის გიორგი სიორიძის თქმით, არჩევნებზე ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა სასამართლომაც დაადასტურა, რაც ფაქტს უტყუარად ადასტურებს.

„ის, რომ ეს არჩევნები იყო სპეცოპერაცია, ამაზე ყველა საუბრობს. მომზადებულია სხვადასხვა მტკიცებულება, რომელიც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს მიეწოდება. ერთი რამ ყველასთვის ცხადია, რომელსაც არ ხელისუფლება, არც ცესკო და არავინ უარყოფს, ეს გახლავთ ის, რომ ამომრჩევლის ფარულობა ტექნოლოგიზებულ უბნებზე მასობრივად იყო დარღვეული. თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ შექმნა პრეცედენტი და შესაბამისი უბნების შედეგები გააუქმა. ეს იმას ნიშნავს, რომ არსებობს სამართლებრივი საფუძველი არჩევნების არჩატარებულად გამოცხადებისა და ხელახალი არჩევნების დანიშვნისთვის", - განაცხადა სიორიძემ.