თბილისი (GBC) - თიბისი კაპიტალის კვლევის თანახმად, 2024 წლის აგვისტოში ელექტროენერგიის გამომუშავება 6.2%-ით შემცირდა და 1,373 გვტ. სთ შეადგინა. ჰიდროსადგურების გამომუშავება წლიურად 22%-ით შემცირდა, ხოლო თბოსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის მოცულობა 37%-ით გაიზარდა. ასევე, 6.1%-ით გაიზარდა ქარის სადგურის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის მოცულობა. ექსპორტირებული ელექტროენერგიის სანაცვლოდ კი საქართველომ 51.7 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო.

ელექტროენერგიის მოხმარება 2024 წლის აგვისტოში 4%-ით გაიზარდა და 1,261 გვტ. სთ-ს მიაღწია.

თიბისი კაპიტალის კვლევით დგინდება, რომ საცალო სექტორის მოხმარება მიმდინარე წელს პირველად შემცირდა 0.9%-ით, ხოლო მსხვილი მომხმარებლების შემთხვევაში ზრდა 25.5%-ია. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოხმარება აგვისტოში წლიურად 5%-ით შემცირდა.

ელექტროენერგიის საბალანსო ფასი და საგარეო ვაჭრობა

2024 წლის აგვისტოში ელექტროენერგიის საბალანსო საშუალო შეწონილმა ფასმა 5.75 აშშ ცენტი შეადგინა ერთ კვტ. სთ.-ზე, რაც წლიურად 10.5%-იანი ზრდაა.

მიმდინარე წლის აგვისტოში საქართველოდან ექსპორტირებულია 59 გვტ. სთ ელექტროენერგია. სავაჭრო სალდო წლიურად შემცირდა 70.4%-ით.

ამასთან, 2024 წლის პირველ რვა თვეში საქართველოდან ექსპორტირებულია 1,044 გვტ. სთ ელექტროენერგია, რაც წლიურად 22%-იანი შემცირებაა.