თბილისი (GBC) – „ლუქს“ კლასის Porsche, Land Rover, Mercedes და სხვა ევროპული მარკების ავტომობილების ექსპორტი ევროკავშირიდან და ბრიტანეთიდან რუსეთის ბაზარზე პრაქტიკულად განულებულია მას შემდეგ, რაც კრემლის შეიარაღებული ძალები უკრაინას დაესხნენ თავს. თუმცა, როგორც Sky News–ის ჟურნალისტური გამოძიება აჩვენებს, ამ ომის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლა შესაძლებელი აღმოჩნდა და ამას არც არავინ მალავს.

გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც Sky News–ის ეკონომიკურმა რედაქტორმა ედ კონუეიმ ქართველი კოლეგის მიერ ყაზბეგის საბაჟო გამშვებ პუნქტზე გადაღებული ფოტო კადრი მიიღო. „არაოფიციალურ პარკინგზე უამრავი უმაღლესი კლასის მანქანა აყენია. ასეთ სურათს ლონდონში სასტუმრო მეიფერთან, ან დუბაიში თუ ნახავთ. აქ ნახავთ მერსედესს, ლექსუსს, BMW-ს, უამრავ გერმანულ მანქანასთან ერთად პარკინგზე რამ დენიმე „რეინჯ–როვერსაც“ ნახავთ“, – წერს კონუეი. რედაქტორი კოლეგებთან ერთად გაემგზავრა საქართველო–რუსეთის ამ ერთადერთ სახმელეთო გადასასვლელზე, სადაც მათ „რუსეთში ევროპული ავტომობილების ტრანსპორტირების რთული, მაგრამ კარგად დალაგებული სქემა აღმოაჩინეს“.

Sky News–ის ანალიზის მიხედვით, მას შემდეგ, რაც 2022 წელს რუსეთს სანქციები დაუწესეს, მაღალი კლასის ევროპული ავტომობილების ექსპორტში მკვეთრად გაიზარდა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო, აზერბაიჯანი და ყაზახეთი. ამ ქვეყნებში ასეთი ავტომობილების ექსპორტის მაჩვენებელი, რომელიც რუსეთ–უკრაინის ომამდე ძალიან დაბალი იყო, დაახლოებით იმ ნიშნულზე გავიდა, რაც ომამდე რუსეთის ფედერაციას ჰქონდა.

ამასთან, აზერბაიჯანის საბაჟო მონაცემებით, ასეთი ავტომობილების ექსპორტი ამ ქვეყნიდან მკვეთრად გაიზარდა ყაზახეთსა და საქართველოში.

შემდეგ კი ეს მანქანები საბაჟო რადარებიდან ქრება, აღნიშნავს Sky News: „სტატისტიკის თანახმად, მანქანები ჩადის აზერბაიჯანსა და საქართველოში, შემდეგ კი უფრალოდ ქრება“. მეორე მნიშვნელოვანი მომენტი: ამ სქემაში ჩართულ ვერცერთ პირს ვერ ამხელ ფაქტობრივ დანაშაულში, მაგრამ მთლიანობაში ეს საქმიანობა სანქციების შესახებ კანონის დარღვევის ტოლფასია.

ადამიანებმა, რომლებსაც ავტომობილები საქართველო–რუსეთის საზღვრამდე მიჰყავთ, არ იციან, საიდან მოდის ეს მანაქნები – აზერბაიჯანიდან, თბილისის ავტოსალონებიდან, თუ პირდაპირ ევროპიდან ბათუმისა და ფოთის პორტების გავლი, წერს Sky News. ისინი ამ მანქანებს ზემო ლარსის საავტომობილო პუნქტთან ტოვებენ – სწორედ იქ, საიდანაც ათასობით რუსი გაურბოდა მათ ქვეყანაში გამოცხადებულ სამხედრო მობილიზაციას 2022 წელს.

Sky News–ის ცნობით, შემდეგ ხდება დოკუმენტების გაფორმება. ევროკავშირის მიერ სანქციების დაწესების შემდეგ საქართველომაც შეზღუდა რუსეთში ავტომობილების ექსპორტი, თუმცა ამის გვერდის ავლა შესაძლებელია. მაგალითად, მანქანას, ვიდრე ლარსის სასაზღვრო პუნქტამდე მიიყვან, არეგისტრირებ სომხეთში. გადამზიდავებს ურჩევენ თქვან, რომ ისინი სომხეთიდან ყირგიზეთში მიემგზავრებიან რუსეთის ტერიტორიის გავლით, თუმცა, როგორც ერთმა იუთუბერმა თქვა, „ყველგან ყველამ კარგად იცის, რომ ეს მანქანები შევა რუსეთში და იქ დარჩება“.

ტრანზიტული ნომრების აღების შემდეგ ქართველებს მანქანები საზღვარზე გადაჰყავთ. ჟურნალისტებმა Range Rover–ის საქარე მინასთან დატანილი VIN-კოდით დაადგინეს, რომ ავტომობილი 2024 წელს არის გამოშვებული ბრიტანეთის ქალაქ სოლიჰალის ქარხანაში. ერთ–ერთი როვერი 2024 წლის აპრილში იყო გამოშვებული.

Jaguar Land Rover–ის წარმომადგენელმა Sky News–ს უთხრა, რომ ავტომწარმოებელმა თავისი პროდუქციის რუსეთში და ბელარუსში გატანა 2022 წელს შეწყვიტა. საქართველოში აღმოჩენილი მანქანები კი არ იყო ამ ქვეყანაში ექსპორტზე გათვლილი: ეს პროდუქცია საცალო გამყიდველებს იმ ქვეყნებში მიაწოდეს, რომლებსაც რუსეთთან საერთო საზღვარი არ გააჩნიათ, შემდეგ მათ იმ ქვეყნებიდან შესულ კლიენტებზე გაყიდეს მანქანები, რომლებზეც იგივე სანქციები და საექსპორტო კონტროლის ზომები ეხებათ, როგორც ეს დიდი ბრიტანეთის შემთხვევაშია რუსეთთან მიმართებით.

თუმცა, Sky News–ის ცნობით, საქართველოში ამას არავინ მალავს.

„ყველამ კარგად იცის, რომ ეს ავტომობილები რუსეთში არ უნდა მოხვდეს, მაგრამ საზღვარზე ერთი მეორის მიყოლებით გადაჰყავთ, ყოველდღე. ყველამ იცის, რა ხდება, მაგრამ არავინ არაფერს აკეთებს ამ სქემის შესაჩერებლად“, – წერს Sky News.