თბილისი (GBC) - 2024 წლის 30 სექტემბრიდან, საქართველოს მოქალაქეები ჩინეთის ჰონკონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონში უვიზოდ შეძლებენ მოგზაურობას. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს თქმით, ჰონკონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ უვიზოდ იმოგზაურონ ჰონკონგში და დაყონ ქვეყანაში ზედიზედ 30 დღე.

"უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა საქართველოსა და ჰონკონგის მხარეებს შორის აქტიური მუშაობის შედეგად გახდა შესაძლებელი", - ვკითხულობთ საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე.

ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის 2024 წლის 28 მაისიდან მოქმედებს უვიზო რეჟიმი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში.

აღსანიშნავია, რომ სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის სტატუსიდან გამომდინარე, ჰონკონგს დამოუკიდებელი საიმიგრაციო და სავიზო პოლიტიკა გააჩნია.