თბილისი (GBC) - იაპონიის ელჩი საქართველოში იშიძუკა ჰიდეკი ღვინის ეროვნულ სააგენტოს თავმჯდომარეს, ლევან მეხუზლას შეხვდა. ღვინის ეროვნულ სააგენტოში გამართული გაცნობითი შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივების შესახებ.

შეხვედრას საქართველოში იაპონიის საელჩოს პირველი მდივანი - ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით, იიდა მასაში და ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროს თამთა ყველაიძე დაესწრნენ.


აღსანიშნავია, რომ იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იაპონურ ბაზარზე ქართული ღვინის პირველი მასშტაბური წარდგენა 2014 წელს მოხდა. მას შემდეგ, სახელმწიფოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის კომპანიები მუდმივად მონაწილეობენ პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენებში Foodex Japan და Wine and Gourmet Japan, ტარდება ქართული ღვინის წარდგენა-დეგუსტაციები იაპონიის სხვადასხვა ქალაქში, იაპონელი ღვინის პროფესიონალებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის ეწყობა ღვინის ტურები საქართველოს ყველა რეგიონში.