თბილისი (GBC) - გალტ&თაგარტის კვლევის თანახმად, 2025 წლის სექტემბერში თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვებმა პიკს მიაღწია. საინვესტიციო კომპანია წერს, რომ პირველად ბაზარზე რეკორდული აქტივობა ძირითადად განაპირობა რამდენიმე მსხვილ პროექტში წინასწარი გაყიდვების დაწყებამ. მეორად ბაზარზე გაყიდვების მოცულობამ 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ თვიურ დონეს მიაღწია. მიწოდების მხარეს, გაცემული ნებართვების მოცულობამ ზრდა განაგრძო, რაც მიუთითებს, რომ გაზრდილი მიწოდება კვლავ საყურადღებოა. ამასთან, ფასმა ზრდა განაგრძო როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზარზე.

მოთხოვნა

2025 წლის სექტემბერში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, გაყიდული ბინების რაოდენობამ 4,011 შეადგინა, აქედან:

  • მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 12.9%-ით გაიზარდა (9 თვეში +0.5% წ/წ).
  • პირველად ბაზარზე გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები ახდენს, წლიურად 12.6%-ით გაიზარდა (9 თვეში +4.9% წ/წ).

გალტ&თაგარტის მიერ ჩატარებული დეველოპერების გამოკითხვის მიხედვით (რომელიც პირველადი ბაზრის ტენდენციებს რეალურ დროში ასახავს), 2025 წლის სექტემბერში გაყიდვები წლიურად 81.8%-ით გაიზარდა, რაც რამდენიმე მასშტაბურ პროექტში წინასწარი გაყიდვების დაწყებით იყო განპირობებული.  

ჯამურად, 2025 წლის 9 თვეში გაყიდვები წლიურად 16.4% ით გაიზარდა, გალტ & თაგარტის სისტემური დეველოპერების გამოკითხვაზე დაყრდნობით.

2025 წლის 9 თვეში თბილისში სულ 29,972 ტრანზაქცია დარეგისტრირდა და გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ $2.5 მლრდ შეადგინა (+12.4% წ/წ).

მიწოდება

2025 წლის სექტემბერში ნებართვა გაიცა 17 საცხოვრებელ პროექტზე, რომელთა ჯამური საცხოვრებელი ფართი 194,189 კვ.მ.-ს შეადგენდა (+48.5% წ/წ). ჯამურად, 2025 წლის 9 თვეში გაცემული ნებართვების მოცულობა წლიურად 8.1%-ით გაიზარდა, რაც მიუთითებს, რომ გაზრდილი მიწოდება კვლავ საყურადღებოა.

ფასები

2025 წლის სექტემბერში, უძრავი ქონების ფასებმა ზრდა განაგრძო და თვიურად 0.3% და 1.1%-ით გაიზარდა პირველად და მეორად ბაზრებზე, შესაბამისად.

ქირა

2025 წლის სექტემბერში, თბილისში საშუალო ზომის ბინის (50-60 კვ.მ.) ქირის ფასი თვიურად 1.1%-ით გაიზარდა და კვადრატულზე 9.7 აშშ დოლარი შეადგინა, ქირის ამონაგები კი 8.6%-ზე შენარჩუნდა.