თბილისი (GBC) – საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამშაბათს, კიდევ ერთხელ დაადასტურა მთავრობის გადაწყვეტილება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელების შესახებ. პრემიერის განცხადებით, პროექტი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის განვითარებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია და ის „სათანადო ვადებში“ დასრულდება.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე მთავრობა აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს პოტენციურ ინვესტორებთან, თუმცა დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„ჩვენ კონცენტრირებული ვართ ინვესტორზე. მთავარი არის ის, რომ ანაკლიის პორტი აშენდება და სახელმწიფო მიიღებს მაქსიმალურ მოგებას ამ პროექტიდან... ანაკლიის პორტი ყველა შემთხვევაში აშენდება და მოემსახურება ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის შემდგომ განვითარებას“, - აღნიშნა პრემიერმა.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ინიციატივაა. მისი იდეა ქვეყნის სტრატეგიულ მდებარეობას ეფუძნება და მიზნად ისახავს საქართველოს გადაქცევას „შუა დერეფნის“ უმნიშვნელოვანეს რგოლად, რომელიც ჩინეთსა და ცენტრალურ აზიას ევროპასთან დააკავშირებს. ტრადიციული პორტებისგან განსხვავებით, ანაკლიის მთავარი უპირატესობა მისი სიღრმეა, რაც ქვეყანას საშუალებას მისცემს, ისტორიაში პირველად მიიღოს დიდი მოცულობის, ე.წ. Panamax-ის ტიპის გემები.

პროექტის აქტიური ფაზა 2016 წლიდან დაიწყო, როდესაც ტენდერში „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ (ADC) გაიმარჯვა. კონსორციუმში, რომლის სათავეშიც მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე იდგნენ, გაერთიანებული იყვნენ „თიბისი ჰოლდინგ ანაკლია“, ამერიკული Conti International, ნიდერლანდური Van Oord PPP International, ბრიტანული Wondernet Express, ბულგარული G-Star და ინვესტორი ბობ მეიერი.

სამშენებლო სამუშაოები საზეიმოდ 2017 წელს დაიწყო და მოიცავდა ზღვის ფსკერის მასშტაბურ დაღრმავებას. თავდაპირველი გეგმით, პორტს პირველი გემი 2020 წელს უნდა მიეღო, თუმცა პროცესი მალევე შეფერხდა. ძირითადი დაბრკოლება საერთაშორისო ბანკებისგან დაფინანსების მოზიდვასა და სახელმწიფოსგან მოთხოვნილ დამატებით გარანტიებს უკავშირდებოდა, რასაც თან დაერთო სამართლებრივი დავა კონსორციუმის დამფუძნებლების წინააღმდეგ.

2020 წლის იანვარში საქართველოს მთავრობამ კონსორციუმთან გაფორმებული ხელშეკრულება ოფიციალურად გაწყვიტა. სახელმწიფომ მიზეზად ვალდებულებების შეუსრულებლობა დაასახელა, ხოლო კონსორციუმი ხელისუფლებას პროექტისთვის ხელის შეშლაში ადანაშაულებდა. აღნიშნულ საქმეზე საერთაშორისო არბიტრაჟში გამართული ორივე დავა სახელმწიფოს გამარჯვებით დასრულდა და კონსორციუმის მოთხოვნა მრავალმილიარდიანი კომპენსაციის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ, სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება პორტის მშენებლობა საკუთარი სახსრებით გაეგრძელებინა, სადაც საკონტროლო, 51%-იანი წილი სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩებოდა, ხოლო ინვესტორს მხოლოდ 49% გადაეცემოდა.

2024 წლის 29 მაისს მთავრობამ გამოაცხადა, რომ კერძო პარტნიორად ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი (CCCC) შეირჩა, თუმცა ამ დროის მონაცემებით, ოფიციალური საინვესტიციო ხელშეკრულება მათთან ჯერ არ დადებულა.

ამჟამად ადგილზე საზღვაო სამშენებლო სამუშაოები განახლებულია და მას ბელგიური გიგანტი Jan De Nul ახორციელებს. პროექტის პირველი ფაზის ფარგლებში ნავსადგურის ფსკერი 16 მეტრამდე უნდა დაღრმავდეს. განახლებული გეგმის მიხედვით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი პირველ გემს 2029 წელს მიიღებს, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს ტვირთბრუნვასა და მის გავლენას საერთაშორისო ლოგისტიკურ ჯაჭვში.