თბილისი (GBC) - მაშინ, როცა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი თებერვალში სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის მისიის ფარგლებში სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვევა, საქართველო მის მარშრუტში ვერ მოხვდა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამას „TRIPP-ის ლოგიკით“ და ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ შექმნილი „მძიმე კონტექსტით“ ხსნის, ხოლო მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ თბილისი მაინც დარჩება სატრანზიტო ჰაბად - ვიზიტის გარეშეც.
"როგორც ჩვენ ვიცით, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი კონკრეტულად ე.წ. TRIPP-ის მარშრუტს ეძღვნება - შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ამ შემთხვევაში ვიზიტის ადრესატი სწორედ ორი ქვეყანაა! მეტი, რა კომენტარი გავაკეთო ამასთან დაკავშირებით?", - განაცხადა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ კობახიძემ.
ჟურნალისტის დამატებით კითხვაზე, როდესაც საუბარია სამხრეთ კავკასიის სატრანზიტო როლზე და საქართველო სატრანზიტო მარშრუტის ნაწილია, რატომ არ მოხვდა ქვეყანა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის დღის წესრიგში, კობახიძემ განაცხადა, რომ „ეს არის მათი გადასაწყვეტი“.
“ჩვენი ინფორმაციით, ეს ვიზიტი კონკრეტულად ზანგეზურის თემას ეძღვნება - გამომდინარე აქედან, სრულიად ბუნებრივია, რომ ამერიკელი პოლიტიკოსი აზერბაიჯანსა და სომხეთში ჩადის.
თქვენ იცით, როგორია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების კონტექსტი. ეს კონტექსტი არის ძალიან მძიმე. ეს კონტექსტი ბაიდენის ადმინისტრაციამ შექმნა. ვნახოთ, ამ ფონზე როგორ განვითარდება. ამერიკული ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას ჩვენ მოთმინებით ველოდებით. ჩვენ საჯაროდ გვაქვს გაკეთებული განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მზად ვართ სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
"ქართული ოცნების" დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან კი განაცხადა, რომ "ჯეი დი ვენსი ჩამოდის მშვიდობის განსამტკიცებლად და ამიტომ ვერ მოხვდა საქართველო მის მარშრუტში - რაც შეეხება ტრანზიტს, დარწმუნებული ვარ, აშშ თავისი რეგიონული პოლიტიკის განსაზღვრისას, ჩამოყალიბდება ამ საკითხში საქართველოს როლზეც".
მისივე თქმით, ისეთი რაოდენობით ტვირთებზეა ლაპარაკი, ზანგეზურის დერეფანი ვერ გაატარებს და საქართველო მაინც იქნება ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო ჰაბი.
"ეს არც არის მისი ამოცანა და იმიტომ ვერ მოხვდა საქართველო ჯეი დი ვენსის მარშრუტში. ძალიან კარგად იცით, რომ ის ჩამოდის მშვიდობის განსამტკიცებლად. ტრამპმა თავიდანვე განაცხადა, რომ არ სურს მის მიერ დარეგულირებული საკითხები იყოს დროებითი და სურს, ხანგრძლივი დროის განმავლობაში გადაიჭრას ეს საკითხები. რა თქმა უნდა, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი იყო ერთ-ერთი ურთულესი კონფლიქტი მთელს მსოფლიოში. ვინ აღარ ჩაერია ამ კონფლიქტის მოგვარებაში, ბევრი ფორმატი შექმნა თავის დროზე და ვერანაირი ნაბიჯი ვერ გადადგეს. ჩაცხრებოდა ეს კონფლიქტი და გაღვივდებოდა. რა თქმა უნდა, აშშ-მ მართლა სერიოზული ნაბიჯები გადადგა, ტრამპს მართლა დიდი დამსახურება აქვს ამ საკითხში და რა თქმა უნდა, ის გაუფრთხილდება ამას და მის განმტკიცებაზე იმუშავებს. ჰე დი ვენსის ჩამოსვლაც ამ განმტკიცებას ემსახურება და ჩვენ ამას მივესალმებით. ჩვენი მეზობლები რაც უფრო მშვიდობიანად იქნებიან ერთმანეთთან, რეგიონის განვითარება უფრო პერსპექტიული იქნება...
სამხრეთ კავკასიის სატრანზიტო ფუნქციასა და ყველაფერზე გვექნება საუბარი, შესაბამისად, გვექნება წინადადებები. მზად ვართ და ღია ვართ ამ წინადადებისთვის. როგორც კი ჩვენს პარტნიორებს ექნებათ შესაბამისი შემოთავაზებები, ის მყისიერად იქნება განხილული. ყველამ ძალიან კარგად იცის და ნებისმიერი ეკონომისტი გეტყვით, რომ ისეთი რაოდენობით ტვირთებზეა ლაპარაკი, ზანგეზურის დერეფანი ვერანაირი განვითარებით ვერ გაატარებს. საქართველო მაინც იქნება ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო ჰაბი. დარწმუნებული ვარ, აშშ თავისი რეგიონული პოლიტიკის განსაზღვრისას, ჩამოყალიბდება ამ საკითხში საქართველოს როლზეც. ახლა ვთვლი, რომ ბოლომდე ჩამოყალიბებული არ აქვს. რა თქმა უნდა, თავისი წინადადებებს ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვრის გარეშე შემოგვთავაზებს. ტრამპს ეს ახასიათებს. როცა მზად იქნება გვეტყვიან. ჩვენც მზად ვიქნებით ამ ურთიერთობაში," - განაცხადა შარმანაშვილმა.
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი აზერბაიჯანსა და სომხეთს თებერვალში ეწვევა, რათა სამშვიდობო ძალისხმევისა და „ტრამპის მარშრუტის საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) განვითარებას შეუწყოს ხელი.