თბილისი (GBC) - უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კვირას, ვილნიუსში, ლიეტუვისა და პოლონეთის ლიდერებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმება სრულად მომზადებულია. პრეზიდენტის თქმით, "დოკუმენტი ხელმოსაწერად 100%-ით მზად არის და ახლა უკრაინული მხარე პარტნიორებისგან მხოლოდ ხელმოწერის თარიღსა და ადგილს ელოდება". 

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული შეთანხმება ძალაში შესვლამდე აშშ-ის კონგრესმა და უკრაინის უმაღლესმა რადამ უნდა მოახდინონ.

ზელენსკიმ ყურადღება დაუთმო უსაფრთხოების გარანტიების ევროპულ ნაწილსაც, რომელიც უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების კონკრეტულ თარიღს უკავშირდება. პრეზიდენტის განცხადებით, "უკრაინა ტექნიკურ დონეზე მზად იქნება 2026 წლის პირველ ნახევარში ყველა საჭირო კლასტერი გახსნას, ხოლო 2027 წლისთვის სრულად დაასრულოს გაწევრიანების პროცესი".

მისი თქმით, ეკონომიკური უსაფრთხოების გარანტია სწორედ ევროკავშირის წევრობაა და უკრაინას სურს, ეს კონკრეტული თარიღი ომის დასრულების შესახებ ხელშეკრულებაშიც იყოს დაფიქსირებული.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ "ომის დასრულების დოკუმენტი 20-პუნქტიან გეგმას მოიცავს, რომელსაც ყველა მხარემ, მათ შორის აგრესორმა ქვეყანამაც უნდა მოაწეროს ხელი, როდესაც ამის მომენტი დადგება".

მანამდე ცნობილი გახდა, რომ პარიზში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ დოკუმენტი ფაქტობრივად შეთანხმებული იყო პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან. მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონი საკუთარი სამხედროების გაგზავნაზე უარს ამბობს, ამერიკული გარანტიები უკრაინისთვის სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესად მიიჩნევა.