თბილისი (GBC) – ლოგისტიკურმა გიგანტმა Maersk პირველი საცდელი ტვირთი გაგზავნა იაპონიიდან ევროპაში, რომელიც შუა დერეფანს, მათ შორის საქართველოს გაივლის. მარშრუტი შემდეგ პუნქტებს გაივლის: ნაგოია (იაპონია) – ცინდაო (ჩინეთი) – სიანი (ჩინეთი) – ალტინკოლი (ყაზახეთი) – აქთაუ (ყაზახეთი) – ფოთი (საქართველო) – ამბერლი (თურქეთი). ეს მარშრუტი აზიას ევროპასთან ტრადიციულის ალტერნატიული მარშრუტით დააკავშირებთ, უთხრეს გამოცემა Forbes.kz–ს გლობალურ გადამზიდ კომპანიაში Maersk.

ცენტრალური აზიის რეგიონსა და კავკასიაში ბიზნესის განვითარების საკითხებში ხელმძღვანელმა ირაკლი დანელიამ აღნიშნა, რომ ეს მარშრუტი საკვანძო ინსტრუმენტი გახდება მიწოდების ჯაჭვის დივერსიფიკაციისთვის იაპონიიდან, კორეიდან და ჩინეთიდან საქართველოში, აზერბაიჯანში და ცენტრალური აზიის ქვეყნებშიც, რომლებსაც ზღვაზე გასასვლელი არ გააჩნიათ, მათ შორის ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი.

Maersk–ის ტრანსსასაზღვრო გადაზიდვებისა და სატვირთო რისკების მმართველმა ხელმძღვანელმა ჩრდილო–აღმოსავლეთ აზიაში მინ იანგ კიმმა განაცხადა, რომ იაპონიისა და სამხრეთ კორეის მთავრობებმა ამ პროექტს სტრატეგიულად დაუჭირეს მხარი, რითაც საერთაშორისო ლოგისტიკის გაძლიერება და დივერსიფიცირება სურთ.

ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი (შუა დერეფანი) – საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანია, რომელიც ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვის აკვატორიაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოზე და შემდეგ თურქეთსა და ევროპის ქვეყნებზე გადის.

2022 წლის შემდეგ, ჯერ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმით და შემდეგ წითელ ზღვაზე სატვირთო გემებზე გახშირებული თავდასხმების ფონზე შუა დერეფნის მაჩვენებლები გაიზარდა.

2023 წელს საქართველომ, აზერბაიჯანმა და ყაზახეთმა ერთობლივი სარკინიგზო კომპანიის Middle Corridor Multimodal Ltd შექმნას მოაწერეს ხელი, რომლის დანიშნულება იქნება ჩინეთიდან თურქეთსა და ევროპაში ტრანზიტული გადაზიდვების ეფექტიანობის გაზრდა.