თბილისი (GBC) – საქართველოს რკინიგზის შემოსავალი 2024 წელს 5%-ით გაიზარდა და 656,9 მლნ ლარი შეადგინა. ამის შესახებ 2024 წლის არააუდირებული კონსოლიდირებული ფინანსური შედეგების ანგარიშშია ნათქვამი, რომელსაც საქართველოს რკინიგზა Facebook გვერდზე აქვეყნებს.

ანგარიშში საუბარია, რომ საქართველოს რკინიგზის მოგებამ საპროცენტო და ცვეთის ხარჯებამდე (EBITDA) 31%-ით მოიმატა და 221,1 მლნ ლარი შეადგინა.

2024 წლის წმინდა მოგება – 67,9 მლნ ლარია, რაზეც მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა საკურსო ცვლილებით გამოწვეულმა ზარალმა (53,8 მლნ ლარი) მოახდინა.

საქართველოს რკინიგზა ლიკვიდურობის მაჩვენებლების გაუმჯობესებასაც განაგრძობს.

2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ორგანიზაციის ბალანსზე არსებული ფულადი სახსრები 318,3 მლნ ლარს შეადგენდა, რაც 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 34,8 მლნ ლარით აღემატება.