თბილისი - The Economist Intelligence Unit 2024 წლის კვლევით, საქართველოს დემოკრატიული ინდექსი გაუარესდა და მაქსიმალური 10 -დან, 4.70 ქულით 94-ე ადგილს იკავებს. როცა 2023-ში, 5.20 ქულით, 89-ზე იყო. ანალიტიკური კვლევითი ორგანიზაციის ინფორმაციას ჟურნალი ეკონომისტი ავრცელებს.
დემოკრატიის ინდექსის კომპონენტებში საქართველოს შედეგები 10 ქულიდან ასე ნაწილდება;
- საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი — 5.67;
- მთავრობის ფუნქციონირება — 3.21;
- პოლიტიკური თანამონაწილეობა — 5.56;
- პოლიტიკური კულტურა — 3.75;
- სამოქალაქო თავისუფლებები — 5.29.
საქართველო იმ ქვეყნების ათეულშია, რომელსაც 2024 წელს დემოკრატიის კუთხით ყველაზე მეტი უკუსვლა აჩვენა. ათეულშია კატარი, ქუვეითი, ტუნისი და ბანგლადეშიც.
„რუსეთმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს პოლიტიკაში 2024 წელს, თუმცა ირიბად და არა პირდაპირი ინტერვენციის გზით.
გამჭვირვალობისა და უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტის საკამათო მიღებამ, რომელსაც ოპოზიციამ „უცხოური აგენტების კანონი“ უწოდა რუსეთის ანალოგიური კანონმდებლობის გამო, გაზაფხულზე ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები საქართველოს მომავალი განვითარების ორი განსხვავებული ხედვის შეჯახებად იქცა—ერთის მხრივ, პრორუსული კურსისა, მეორეს მხრივ კი, ევროპული ინტეგრაციის მომხრე ძალებისა. მთავრობასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირება კიდევ უფრო გამძაფრდა.
კენჭისყრის პროცესი სერიოზული დარღვევებით მიმდინარეობდა, მათ შორის, იყო ზეწოლა ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ასევე იყო ბრალდებები ხმების მოსყიდვისა და ბიულეტენების ჩაყრის შესახებ. ოპოზიციამ შეშფოთება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ განსაკუთრებულ გავლენას ახდენდა იმ ინსტიტუტებზე, რომლებსაც საარჩევნო ზედამხედველობა ევალებოდათ.
საბოლოოდ, არჩევნებში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა, თუმცა წლის ბოლოს ქვეყანა კვლავ მასშტაბურმა ქუჩის საპროტესტო აქციებმა მოიცვა”, - წერია კვლევით ანგარიშში.