თბილისი (GBC) - საქართველოში გერმანიის საელჩო სამეცნიერო თანამშრომლობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც განმარტავს, რომ გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტრო ამ ეტაპზე აჩერებს თანამშრომლობას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან, ასევე საქართველოს სხვა უწყებებთან.
საელჩო ასევე აღნიშნავს, რომ სტუდენტების გაცვლა საქართველოსა და გერმანიას შორის „არის მნიშვნელოვანი წვლილი ევროპასთან დაახლოებაში, ამიტომ ეს გაცვლა გაგრძელდება”. მათივე თქმით, გაგრძელდება პროექტებისა და ინდივიდუალური დაფინანსებაც.
„როგორც ევროპული გზიდან გადახვევის შედეგი გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტრო (BMBF) ამ ეტაპზე აჩერებს თანამშრომლობას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან, ასევე საქართველოს სხვა უწყებებთან. ამავდროულად BMBF ღიაა დიალოგის განახლებისთვის იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება გადადგამს სარწმუნო და ხელშესახებ ნაბიჯებს შიდა დეესკალაციის, აკადემიური თავისუფლების აღდგენისა და ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნებისკენ.
გერმანია სოლიდარობას უცხადებს მეცნიერებს, რომლებსაც საქართველოში თავისუფალ გარემოში სურთ კვლევების გაგრძელება და კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ უფლებას აკადემიური თავისუფლების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ, რაც საქართველოსთვის, როგორც გაეროს წევრისთვის, ვალდებულებას წარმოადგენს. ამიტომ ჩვენ გვსურს, შეძლებისდაგვარად გავაგრძელოთ დიალოგი მეცნიერებსა და კვლევაში მოღვაწე სამოქალაქო საზოგადოებრივ სტრუქტურებთან საქართველოში და მხარი დავუჭიროთ ევროპასთან დაახლოებას.
დარწმუნებულები ვართ, რომ სტუდენტების გაცვლა საქართველოსა და გერმანიას შორის არის მნიშვნელოვანი წვლილი ევროპასთან დაახლოებაში, ამიტომ ეს გაცვლა გაგრძელდება.
ჩვენი მიზანია, შევინარჩუნოთ კვლევისა და კავშირების შესაძლებლობები გერმანელ მეცნიერებსა და მათ ქართველ პარტნიორებს შორის. პროექტებისა და ინდივიდუალური დაფინანსება კვლავაც გაგრძელდება. ამით ჩვენ ასევე ვუგზავნით სიგნალს იმ ადამიანებს, რომლებიც მხარს უჭერენ ევროპულ, კოსმოპოლიტურ საქართველოს.
BMBF რეკომენდაციას უწევს გერმანიის უნივერსიტეტებს, კვლევით და განმახორციელებელ ორგანიზაციებს ასევე შეაჩერონ ინსტიტუციური თანამშრომლობა საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან სამართლებრივი შესაძლებლობების ფარგლებში. აკადემიური თავისუფლებიდან გამომდინარე გადაწყვეტილების მიღება თავად მეცნიერებას ეკისრება”, – ნათქვამია განცხადებაში.
ოთხშაბათს, 26 თებერვალს გერმანიის ელჩმა საქართველოში, პეტერ ფიშერმა დაწერა, რომ გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტრო (BMBF) საქართველოსთან თანამშრომლობას აღარ განაახლებს.
„გერმანიის განათლებისა და კვლევის სამინისტრომ შეაჩერა საქართველო-გერმანიის სამეცნიერო თანამშრომლობის, მათ შორის სტუდენტების მობილობის, კვლევებისა და საქართველო EU-ის პროგრამებში მონაწილეობის განახლება – ამის მიზეზია აკადემიური თავისუფლების შეზღუდვა და ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერება.
ქართველებმა, რომლებსაც გერმანიის უნივერსიტეტებში უსწავლიათ – განსაკუთრებით გერმანული სტიპენდიებით – იციან, ეს დანაკარგი.
გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი თითქმის 1 მილიონი ევროს ოდენობის ამჟამინდელი დაფინანსება უცვლელი რჩება – ასევე, ეს ამ ეტაპზე არ ეხება ჩვენს სასტიპენდიო პროგრამებს, მათ შორის, DAAD-ის პროგრამას, მაგრამ გერმანია საქართველოსთან ურთიერთობის ყველა ასპექტს სინანულით ადევნებს თვალს და განიხილავს”, – წერდა პიტერ ფიშერი.