თბილისი (GBC) – საქართველოში მარტში კომერციული ელექტროენერგიის იმპორტი წლიურად 118.9%-ით გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ ჯამური იმპორტის მოცულობა 9%-ით შემცირდა და 0.2 ტვტ.სთ შეადგინა. გალტ & თაგარტის მკვლევრების შეფასებით, იმპორტის სტრუქტურის ცვლილება და თურქეთის როლის გააქტიურება ბაზარზე კონკურენციის ზრდაზე მიუთითებს.
იმპორტის დინამიკა და ფასები
გალტ & თაგარტის ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, იმპორტის ჯამური ღირებულება მარტში 30.9%-ით გაიზარდა – $5.9 მლნ–მდე. რაოდენობრივად რუსეთი კვლავ უმსხვილესი მომწოდებელი იყო, თუმცა, ვინაიდან რუსული იმპორტი ძირითადად აფხაზეთის რეგიონისთვის განკუთვნილ შეღავათიან მიწოდებას მოიცავდა, ღირებულების მიხედვით მან მხოლოდ მეორე ადგილი დაიკავა.
კომერციულ იმპორტში თურქეთის წილის ზრდა, აზერბაიჯანთან შედარებით კონკურენტულმა ფასმა განაპირობა. მარტში თურქეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასი კვტ.სთ-ზე საშუალოდ 4.6 აშშ ცენტს შეადგენდა, მაშინ როცა აზერბაიჯანული ენერგიის ღირებულება 6 აშშ ცენტი იყო.
ანალიტიკოსების შეფასებით, თურქეთის ხელახალი დამკვიდრება მთავარ მომწოდებლებს შორის მიუთითებს იმპორტის გეოგრაფიის ეტაპობრივ ცვლილებაზე, რაც ფასობრივი და ტექნიკური ფაქტორების ერთობლიობითაა განპირობებული.
საბალანსო ბაზარი
მარტში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო ფასი წლიურად 5.7%-ით შემცირდა და კვტ.სთ-ზე 5.7 აშშ ცენტი შეადგინა. ამავდროულად, საბალანსო მოცულობა 14.8%-ით გაიზარდა (0.4 ტვტ.სთ), რამაც ქვეყნის ჯამური მიწოდების მესამედზე მეტი (33.4%) შეადგინა.