თბილისი (GBC) – ოქროს ფასი პარასკევის ვაჭრობაზე ახალ მაქსიმუმზეა და უნციის ფასმა $3200–იანი ზღურბლიც გაარღვია. ბოლო დღეებში ეს ძვირფასი ლითონი, როგორც „თავშესაფარი აქტივი“, სულ უფრო ძვირდება აშშ–ჩინეთის სავაჭრო ომის გამო.

მიმდინარე კვირაში ოქრომ შთამბეჭდავი ზრდა აჩვენა და ყველა ძვირფას ლითონს გაუსწრო, ვინაიდან ინვესტორები სულ უფრო აქტიურად აბანდებენ კაპიტალს ოქროსა და იაპონურ იენაში, როგორც თავშესაფარ აქტივებში. ამ ტენდენციას აშშ–ის სახაზინო ობლიგაციების ვარდნამაც უბიძგა.

დღევანდელ ვაჭრობაზე უნცია ოქროს მიმდინარე ფასი 1%–ით გაიზარდა და მაქსიმალურ ნიშნულზე დაფიქსირდა – $3 220. ხოლო ფიუჩერსებმა, ივნისში მიწოდების პირობით, დღეს დილით კიდევ უფრო მაღალი ზრდა აჩვენა – 1,7% და უნციის ფასმა ამ ვაჭრობაზე $3 231,69–ს მიაღწია.

მიმდინარე კვირაში აშშ–მა და ჩინეთმა ერთმანეთს ახალი სავაჭრო ტარიფები დაუწესეს. ჩინური პროდუქცია დონალდ ტრამპმა 145%–ით დაბეგრა, ხოლო ჩინეთის ლიდერმა ამერიკულ საქონელზე საპასუხო საიმპორტო გადასახადი დააწესა – 84%.