თბილისი (GBC) – გასულ წელს, ისევე როგორც წინა წლებში, ბიზნეს სექტორში დასაქმების სტრუქტურაში მაღალი ხვედრითი წილით გამოირჩევა ვაჭრობის (29%, 212.9 ათასი დასაქმებული), მრეწველობისა (18%, 135.9 ათასი) და ჯანდაცვის (10%, 77 ათასი) სექტორები.

წინა წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით, დასაქმებულთა რაოდენობა თითქმის ყველა სექტორში გაიზარდა. ყველაზე მაღალი ზრდა ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში დაფიქსირდა - 24.8%, ასევე ორნიშნა პროცენტული ზრდით გამოირჩევიან ტრანსპორტირებისა და დასაწყობების (10.1%) სექტორი და სხვა სახის მომსახურების სექტორი (10.1%).

ერთ დასაქმებულზე არსებული დამატებული ღირებულების მიხედვით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება ხელოვნება, გართობა, დასვენების სექტორში - 65.5 ათასი ლარი (წინა წელთან შედარებით გაზრდილია 23%-ით). სექტორის მსგავსი მაღალი მაჩვენებელი იმ ფაქტით აიხსნება რომ სწორედ ეს სექტორი აერთიანებს აზარტულ თამაშებს, კაზინოებს და ონლაინ კაზინოებს. ასევე გამორჩეულია ინფორმაციისა და კომუნიკაციისა - 54.7 ათასი ლარი (წინა წელთან შედარებით გაზრდილია 10%-ით ) და მშენებლობის სექტორები - 50.6 ათასი ლარი (წინა წელთან შედარებით შემცირდა 4%-ით).

გასულ წლებში ყველაზე დაბალი მწარმოებლურობით გამოირჩეოდა სოფლის მეურნეობის სექტორი. აღსანიშნავია, რომ 2019-2021 წლებში აღნიშნული მაჩვენებელი მკვეთრად გაზრდილია. კერძოდ, 2021 წელს დამატებულმა ღირებულებამ ერთ დასაქმებულზე სოფლის მეურნეობის სექტორში 19.9 ათასი ლარი შეადგინა, რაც 2018 წლის მაჩვენებელს 54.4%-ით აღემატება. აღსანიშნავია, რომ 2021 წელს ერთ დასაქმებულზე არსებული დამატებული ღირებულება თითქმის ყველა სექტორში გაიზარდა. განსაკუთრებით მაღალია ზრდა შემდეგ სექტორებში: 

• სასტუმროები და რესტორნები - 14.7 ათასი ლარი (გაიზარდა 39%-ით); 
• მრეწველობა - 36.2 ათასი ლარი (გაიზარდა 38%-ით); 
• ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები - 17.2 ათასი ლარი (გაიზარდა 38%-ით); 
• ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები - 16.4 ათასი ლარი (გაიზარდა 31%-ით).

ბიზნეს სექტორის დასაქმებაში ყველაზე მაღალი წილით საცალო და საბითუმო ვაჭრობის სექტორი გამოირჩევა. 2021 წლის მონაცემებით, ვაჭრობის სექტორში დასაქმებულთა რაოდენობამ 212 942 ათასი ადამიანი შეადგინა (8%-ით მეტია წინა წელთან შედარებით), რაც კერძო სექტორში დასაქმებულთა 28.6%-ია. ბოლო წლებში ვაჭრობის სექტორში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება მუდმივად მზარდი ტენდენციით გამოირჩევა. 2021 წელს, წინა წელთან შედარებით აღნიშნული მაჩვენებელი 11%-ით გაიზარდა და 1,145.8 ლარი შეადგინა, თუმცა მაინც ჩამორჩება ბიზნეს სექტორში არსებულ საშუალო მაჩვენებელს (15%-ით ნაკლები).