თბილისი (GBC) – თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩასხდომის ავტომატიზებული E - Gate სისტემა ამოქმედდა. ახალი სისტემა ამარტივებს და აუმჯობესებს მგზავრთა ჩასხდომის პროცესს, ჩასხდომის ბარათების ავტომატური შემოწმების საფუძველზე, რაც მგზავრთნაკადის სწრაფად გატარებას უზრუნველყოფს, ამცირებს რიგებს და ზრდის მგზავრის კომფორტს.
ავტომატიზებული სისტემა - E – Gate, აეროპორტში საინფორმაციო ტექნოლოგიებით უზრუნველყოფაში მსოფლიოში ერთ-ერთ ლიდერ TAV Technologies- თან და ტრანსპორტირების სფეროში უმაღლესი დონის პროდუქტებითა და სერვისებით ცნობილ ფრანგულ ბრენდ Easier - თან (IER) პარტნიორობით ამოქმედდა.
TAV Technologies - თან და Easier - თან (IER) თანამშრომლობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ასევე დაინერგა და რამდენიმე თვეა მოქმედებს თვითრეგისტრაციის (Self-Check -in) და ავტომანქანების პარკირების ავტომატური სისტემები.
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია სერვისების გაციფრულებასა და მგზავრთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული პროექტების განხორციელებაში ინვესტირებას მომავალშიც განაგრძობს.