თბილისი (GBC) - თიბისი კაპიტალის კვლევის თანახმად 2024 წლის დეკემბერში, თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდული ბინების რაოდენობამ 3 940 შეადგინა და წლიურად 7%-ით გაიზარდა. 2024 წელს, ტრანზაქციების სრული რაოდენობა 2%-ით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს.
დეკემბერში გასაყიდი ფასი $1,223-ს გაუტოლდა და წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით ფაქტობრივად არ შეცვლილა (+1%, წ/წ), ხოლო თვიურ ჭრილში 2%-იანი კლება დაფიქსირდა. ბაზრის მოცულობამ $318 მილიონს მიაღწია და წლიურად 6%-იანი ზრდა აჩვენა.
გასაქირავებელი ფასი $11.1-ს გაუტოლდა და წლიურად 10%-ით შემცირდა, ხოლო გასულ თვესთან შედარებით 3%-იანი კლება დაფიქსირდა.
საცხოვრებელი უძრავი ქონების ამონაგები 9.6%-ს გაუტოლდა (-1.2პ.პ,წ/წ).
2024 წელს ნებართვა გაიცა 1.3 მილიონ კვადრატულ მეტრ საცხოვრებელი ფართობის მშენებლობაზე, რაც 4%-ით ჩამორჩება 2023 წლის მაჩვენებელს.
ახალი vs ძველი ბინები
თიბისი კაპიტალი წერს, რომ 2024 წლის დეკემბერში 981 ახალი ბინა გაიყიდა და მნიშვნელოვნად გაიზარდა წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით (+48%). ძველი ბინების შემთხვევაში 2 959 ტრანზაქცია შესრულდა, რაც წლიურად 2%-იან კლებაში აისახა. შესაბამისად, ახალი ბინების წილმა ჯამურ გაყიდვებში მიმდინარე წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულს, 25%-ს მიაღწია.
დეკემბერში საშუალო გასაყიდი ფასი წლიურად 2%-ით გაიზარდა, როგორც ახალი ისე ძველი ბინებისთვის, ხოლო წინა თვესთან შედარებით 2%-იანი კლება დაფიქსირდა.
50-დან 75 კვ.მ-მდე ფართობის ბინებმა ყველაზე მაღალი წილი (42%) დაიკავა ჯამურად გაყიდული ბინებიდან, თუმცა მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით შემცირდა. 125-კვ.მ-ზე მეტი ფართის მქონე ბინების წილი5%-ს გაუტოლდა.
მაღალი (>1,500 $/კვ.მ) საფასო სეგმენტის ბინების წილმა მთლიანტრანზაქციებში 23% შეადგინა (+5პპ,წ/წ).
თბილისის უბნები
2024 წლის დეკემბერში, თბილისში ბინების უდიდესი რაოდენობა გაიყიდა დიდ დიღომში (26% მთლიან გაყიდვებში), რომელსაც მოყვებოდა საბურთალო (16% მთლიან გაყიდვებში).
ახალი ბინების გაყიდვებში მნიშვნელოვანი წლიური ზრდის ტემპი დაფიქსირდა:
- დიდუბეში,
- კრწანისში,
- გლდანი,
- ჩუღურეთში.
დიდ დიღომში გაიყიდა ყველაზე მეტი რაოდენობის როგორც ახალი, ასევე ძველი ბინა.
2024 წლის დეკემბერში კვ.მ-ის საშუალო ფასი მთაწმინდასა და ვაკეში $2,000-ის ფარგლებში მერყეობდა. უბნების უმეტესობაში დაფიქსირდა ბინების ფასის წლიური ზრდა.