თბილისი (GBC) - recov.ge-ის ინფორმაციით, 2024 წელს თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 41,284 ერთეული შეადგინა და წინა წელთან შედარებით 2%-ით გაიზარდა. ბაზრის ზომა კი 12%-ით, 2.8 მილიარდ აშშ დოლარამდეა გაზრდილი.

2024 წლის დეკემბერში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი გარეუბანში 16%-ით გაიზარდა, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი 18% და 23%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

ამასთან, 2024 წლის დეკემბერში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 4,039 ერთეული შეადგინა და წინა წლის დეკემბერთან შედარებით 7%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ბაზრის ზომა 16%-ით, 292 მილიონ აშშ დოლარამდეა გაზრდილი.

recov.ge-ის ინფორმაციით, 2024 წელს, თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2023 წელთან შედარებით 13%-ით გაიზარდა გარეუბანსა და ფართო ცენტრში, ქალაქის ცენტრში კი 15%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

2024 წლის დეკემბერში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 13%-ით გაიზარდა ფართო ცენტრში, გარეუბანში 10%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო ქალაქის ცენტრში საშუალო შეწონილმა ფასმა 1%-ით მოიმატა.

2024 წელს თბილისში ახალ პროექტებში გასულ წელთან შედარებით ტრანზაქციების რაოდენობის 8.5%-იანი ზრდა ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2023 წელთან შედარებით მაჩვენებელი 13%-ით არის შემცირებული.