თბილისი (GBC) – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კომპანია Tether Operations Limited-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმად კომპანია საქართველოს ბლოკჩეინის ინფრასტრუქტურის განვითარებაში დაეხმარება. 

ხელმოწერას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრო. მემორანდუმს ხელი მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა და Tether Operations Limited-ის ტექნოლოგიების ხელმძღვანელმა პაოლო არდოინომ მოაწერეს.

მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, კომპანია Tether დაინტერესებულია, საქართველოში ინვესტიციები განახორციელოს. ამ მიზნით, კომპანია ადგილობრივი სტარტაპებისთვის შექმნის სპეციალურ ფონდს, რომელიც მათ ბლოკჩეინტექნოლოგიების განვითარებაში, საქართველოს კი, ტექნოლოგიური სტარტაპებისთვის მიმზიდველი ეკოსისტემის მქონე ქვეყნის სტატუსის პოზიციონირებაში დაეხმარება.

„ჩვენ ასევე შევთანხმდით თანამშრომლობაზე ბლოკჩეინ ტექნოლოგიის საგანმანათლებლო სფეროში, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში როგორც ადგილობრივი ბლოკჩეინტექნოლოგიების განვითარებას, ასევე აღნიშნული პროფილის კომპანიების საქართველოში შემოყვანას“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, აღნიშნული თანამშრომლობა იქნება მნიშვნელოვანი სტიმული ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის შემდგომი განვითარებისთვის.

ღონისძიებას დაესწრო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დირექტორი ავთანდილ კასრაძე.