თბილისი (GBC) - საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 3Q25-ში $533.2 მლნ შეადგინა, რაც 3Q24-ის დაზუსტებულ მონაცემებზე 2-ჯერ მეტია. ზრდა განპირობებულია სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის ზრდით.

3Q25-ში სააქციო კაპიტალმა $101.9 მლნ შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 19.1%-ია. რეინვესტიციამ $340.7 მლნ შეადგინა და მისი  წილი 63.9%-ით განისაზღვრა, ხოლო სავალო ვალდებულებები $90.6 მლნ-ს შეადგენს და ის მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 17%-ია.

საქსტატის მონაცემებით, 3Q25-ში პირველ ადგილზეა აშშ - $93.5 მლნ-ით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 17.5%-ს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება ესპანეთი - $72.1 მლნ-ით (13.5%), ხოლო მესამეზე თურქეთი - $70 მლნ-ით (13.1%).

სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 44.2%-ს შეადგენს.

3Q25-ში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია უძრავი ქონების სექტორში განხორციელდა და $91.7 მლნ შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 17.2%-ია. მეორე ადგილს იკავებს ტრანსპორტის სექტორი - $79.8 მლნ-ით (15%), ხოლო მესამეს სექტორი - წყალმომარაგება; ნარჩენების მართვა - $71.5 მლნ-ით (13.4%).

სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 45.6% შეადგინა.