თბილისი (GBC) – „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, ანტიკორუფციული ბიურო თანამდებობის პირთა 2023 წლის დეკლარაციების მონიტორინგის შედეგებს არ ასაჯაროებს, რითაც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კანონს არღვევს.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ პროაქტიურად, 2023 წლის დეკემბრის ბოლოს არ გაასაჯაროვა დეკლარაციების მონიტორინგის შედეგები, რაც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კანონის პირდაპირი დარღვევაა.

მათივე ცნობით, ანტიკორუფციული ბიურო არ ასაჯაროებს მონიტორინგის შედეგს 720 თანამდებობის პირის დეკლარაციაზე და მალავს ინფორმაციას, თუ რა შედეგით დასრულდა მონიტორინგი თითოეულთან მიმართებით.

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნით, თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის შედეგები პროაქტიურად ყოველი წლის ბოლოს უნდა გამოქვეყნდეს.

საქართველოში დეკლარაციების მონიტორინგის ვალდებულება 2017 წლიდან ამოქმედდა და 2017-2022 წლებში მის განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყება საჯარო სამსახურის ბიურო, ყოველი წლის 31 დეკემბერს პროაქტიურად აქვეყნებდა მონიტორინგის შედეგებს. კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად, 2023 წლის 1 სექტემბრიდან დეკლარაციების მონიტორინგზე პასუხისმგებელი უწყება ანტიკორუფციული ბიურო გახდა.

კანონის მოთხოვნის მიუხედავად, ანტიკორუფციულმა ბიურომ დეკლარაციების მონიტორინგის შედეგები პროაქტიურად 2023 წლის ბოლოს არ გამოაქვეყნა. უფრო მეტიც, ბიუროს შედეგები ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია. ანტიკორუფციული ბიუროს განცხადებით, 2023 წელს განხორციელებული ქონებრივი მდგომარეობის მონიტორინგის შედეგები უწყების 2023 წლის საქმიანობის ანგარიშშია წარმოდგენილი, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. ბიუროს ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს სულ 720 თანამდებობის პირის დეკლარაცია უნდა შემოწმებულიყო. ბიურომ არ გაასაჯაროვა ინფორმაცია აღმოაჩინა თუ არა დარღვევები ამ თანამდებობის პირთა დეკლარაციებში, თუ აღმოაჩინა, რა დარღვევები ჰქონდათ და საპასუხოდ, რა ტიპის სანქცია გამოიყენა (გაფრთხილება თუ დაჯარიმება). ანტიკორუფციულმა ბიურომ საქმიანობის წლიურ ანგარიშში, რომელიც საქართველოს პარლამენტს 2024 წლის 29 მარტს წარუდგინა, ასახა მხოლოდ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ (2023 წლის 1 სექტემბრამდე) განხორციელებული დეკლარაციების მონიტორინგის შედეგების ზოგადი სტატისტიკა, თანამდებობის პირებისა და დარღვევებისა და დაკისრებული სანქციის მითითების გარეშე.

როგორც ანტიკორუფციული ბიუროს წლიური ანგარიშიდან ირკვევა, საჯარო სამსახურის ბიურომ 2023 წელს სულ 500 თანამდებობის პირის დეკლარაცია შეამოწმა, მათგან 317 ელექტრონული სისტემის საშუალებით შერჩეული თანამდებობის პირია, 166 - დამოუკიდებელი კომისიის მიერ, ხოლო - 17 დასაბუთებული განცხადების საფუძველზე შერჩეული. შემოწმებული 500 დეკლარანტიდან: დაჯარიმდა - 109 (21.8%), გაფრთხილდა - 4 (0.8%), დადებითად დასრულდა - 372 (74.4%), ხოლო 15 (3%) შემთხვევაში მონიტორინგი შეწყდა. მათგან 2 შემთხვევაში გამოვლინდა თანამდებობრივი შეუთავსებლობის ფაქტი.

ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მის მონიტორინგს დაქვემდებარებული 220 თანამდებობის პირის შედეგების არ გასაჯაროება, იმ არგუმენტით, რომ ადმინისტრაციული წარმოებები ჯერ კიდევ მიმდინარეა, სცდება როგორც კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და განსაზღვრულ ვადებს”, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.