თბილისი (GBC) - გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) დაასრულა აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ დაფინანსებული პროექტი, რომელიც გასული წლის განმავლობაში ხორციელდებოდა დუშეთის რეგიონში ფერმერების გაძლიერებისა და მათი მედეგობის გაუმჯობესების მიზნით. პროექტის დასრულების აღსანიშნავად, FAO საქართველოს გუნდი მერძეული და აგრონომიული ფერმერული საველე სკოლების მონაწილეებს ეწვივნენ. ვიზიტის მიზანი იყო  მათთვის პროექტის შედეგების გაზიარება და წარმოების გასაუმჯობესებლად  სასოფლო-სამეურნეო ხელსაწყოების გადაცემა.

FAO-მ 10 ფერმერული საველე სკოლა შექმნა ქვეშეთში, არახვეთში, ჯაღმიანში, ბენიან-ბეგონსა და ბედონში. აღნიშნულ ფორმატში, ადგილობრივი თემების წარმომადგენლებს მერძევეობის, მეფუტკრეობისა და ბოსტნეულის წარმოების მიმართულებით თანამედროვე პრაქტიკების შესწავლის შესაძლებლობა მიეცათ.

ამ ვიზიტის ფარგლებში, პროექტში ჩართულ ფერმერებს შეხვდნენ FAO საქართველოს გუნდის წევრები, რომლებმაც მათ მცირე ზომის წარმოებაში სურსათის უვნებლობის სტანდარტების გაუმჯობესებისთვის საჭირო სასოფლო-სამეურნეო ხელსაწყოები გადასცეს.

შეხვედრა მერძეული მიმართულებით მომუშავე ფერმერებთან

ვიზიტის ფარგლებში, მერძეული მიმართულებით მომუშავე ფერმერებმა, რომელთა უმეტესობა ქალია, მიიღეს ცხოველის მოვლისთვის საჭირო ნივთები, რაც ზრდის წარმოებას და აუმჯობესებს წარმოებული რძის პროდუქტის ხარისხსა და უვნებლობას.

მათ, ასევე, პროექტის ფარგლებში, გადაეცათ ცურის მოვლის საშუალებები, ციფრული თერმომეტრები, მასტიტის ტესტის კომპლექტები, ქიმოზინი - მაღალი ხარისხის კვეთები, ყველის ფორმები, მინერალის ბლოკები, ხბოს საკვებურები, პირუტყვის საკვები, და ხელთათმანები.

FAO-ს ვეტერინარებმა გაუზიარეს ცოდნა აღნიშნული ხელსაწყოების გამოყენების შესახებ

ტრენინგის 53 მონაწილეს არახვეთიდან, ქვეშეთიდან, ჯაღმიანიდან, კაიშაურნიდან, სეთურებიდან, ზაქათკარიდან, ბენიან-ბეგონიდან და ბედონიდან. მერძეული მიმართულებით მომუშავე ფერმერებისთვის ჩატარებული საგანმანათლებლო შეხვედრები მოიცავდა თემებს, როგორიცაა მასტიტის მკურნალობა, ჰიგიენისა და წველის კარგი პრაქტიკები, რძე და მისი შემადგენლობა, ცხოველთა დაავადებები და პარაზიტები.

ამასთანავე, მერძეული ფერმერული საველე სკოლების ფარგლებში, მონაწილეებმა ევროპული ყველის წარმოებაც შეისწავლეს. შედეგად, მათ უკვე აქვთ საჭირო ცოდნა და ხელსაწყოები, რომ საქართველოში შედარებით ძვირადღირებულ რძის პროდუქტზე არსებული მზარდი მოთხოვნის შესაბამისადაც აწარმოონ ყველის ნაირსახეობები.

ბოსტნეულის მწარმოებელთა მედეგობის მხარდაჭერა

FAO საქართველოს წარმომადგენლებმა პროექტში ჩართულ ფერმერებს ასევე გადასცეს სასუქები და საჩითილე კასეტები, რაც მათი ადგილობრივი წარმოების რაოდენობისა და ხარისხის ზრდას შეუწყობს ხელს. ბოსტნეულის მწარმოებლებმა ასევე მიიღეს სამი მოტობლოკი, რომლებიც ნიადაგის დამუშავებისას საზიაროდ გამოიყენება პროექტში ჩართული ფერმერების მიერ.  აღნიშნული აგრეგატი განსაკუთრებით ეფექტურია მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები თემებისთვის, სადაც მცირე ზომის ნაკვეთებზე მოზრდილი სახნავი თუ სხვა ტიპის  აგრეგატების ტრანსპორტირება რთულია.

ფერმერულ საველე სკოლებში ბოსტნეულის 35 ფერმერი დაესწრო ADB-ის დაფინანსებულ FAO-ს ტრენინგებს და შეისწავლა თანამედროვე პრაქტიკები ჩითილებისა და კარტოფილის წარმოებისა და კომპოსტირების მიმართულებით. შედეგად, მათ ახლა უფრო მეტი იციან სასოფლო-სამეურნეო წარმოებისთვის ისეთი ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხებზე როგორებიცაა ნიადაგისა და ირიგაციის მართვა, სარეველა მცენარეების, მავნებლებისა და დაავადებების კონტროლი.

ადრეული მომწიფებით, უხვნალექიანობისა და ვირუსის მიმართ გამძლეობით გამორჩეული ჰოლანდიური კარტოფილის ექვსი განსხვავებული სახეობის გამოსაცდელად, FAO საქართველოს აგრონომებმა ასევე შექმნეს საცდელი ნაკვეთები. ამგვარად, ადგილობრივი ფერმერები შეძლებენ გაიგონ თუ რომელი სახეობის კარტოფილი ხარობს უკეთ ადგილობრივ კლიმატურ პირობებში.  შესაბამისად, FAO-ს მხარდაჭერით შექმნილი საცდელი ნაკვეთები გზაა გაუმჯობესებული წარმოებისთვის, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივ გარემოს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მუდმივად ცვალებადი კლიმატის გათვალისწინებით, გლობალური დათბობის პირობებში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მედეგობის უზრუნველსაყოფად.

შეხვედრა მეფუტკრეებთან

მეფუტკრეობა ხადას ხეობის სასოფლო-სამეურნეო მემკვიდრეობის ნაწილია. აღნიშნულ ტერიტორიაზე რამდენიმე ადგილობრივი მეფუტკრე აწარმოებს უნიკალურ თაფლს, რომელიც მნიშვნელოვანია თემების მედეგობისთვის. მეფუტკრეობა ამ ფერმერებისთვის შემოსავლის ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენს და დამტვერვით ეკოსისტემის შენარჩუნებას უწყობს ხელს.

თაფლის სექტორში გაუმჯობესებული წარმოებისა და სურსათის უვნებლობის შესახებ ADB-ის მხარდაჭერილ FAO-ს ტრენინგებს ოთხი მეფუტკრე დაესწრო. მათ ასევე გადაეცათ მეფუტკრეების დამცავი აღჭურვილობა, რაც მათ ფუტკრის უსაფრთხო და ადეკვატური მოვლის საშუალებას აძლევს.

ვიზიტის ფარგლებში, FAO საქართველოს ვეტერინარებმა და ადგილობრივმა მეფუტკრეებმა კვლავ გაცვალეს თავიანთი ცოდნა და გამოცდილებები. მათ ისაუბრეს სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებულ პრაქტიკებზე, რაც FAO-ს ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული ტრენინგების განუყოფელი ნაწილია.

საგანმანათლებლო მოდულების დასრულების აღსანიშნავად, ტრენინგებში მონაწილე მეფუტკრეებს რეფრაქტომეტრები და ვაროას შესამოწმებელი ჭიქები გადაეცათ. საქართველოში ვაროა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მავნებელია მეფუტკრეობაში. შესამოწმებელი ჭიქები მეფუტკრეებს დაეხმარება მონიტორინგი აწარმოონ დუშეთის მუნიციპალიტეტში არსებული ვაროას წინააღმდეგ. რეფრაქტომეტრები კი ფერმერებს თაფლში წყლის შემცველობის დადგენაში გამოადგებათ.

შეჯამება

გასული ერთი წლის განმავლობაში, FAO, ADB-ის ფინანსური მხარდაჭერით, ქვეშეთში, არახვეთში, ჯაღმიანში, ბენიან-ბეგონსა და ბეგონში შექმნილი საველე სკოლების მეშვეობით ადგილობრივ ფერმერულ თემებს დაეხმარა საჭირო ტექნიკური და პრაქტიკული ცოდნის გაზიარებით წარმოებისა და სურსათის უვნებლობის გაუმჯობესების შესახებ. მიღებული ცოდნითა და ხელსაწყოებით, ჯამში 72 ადგილობრივი ფერმერი ახლა უკეთ არის აღჭურვილი საკუთარი მედეგობისა და ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გასაუმჯობესებლად. FAO-ს მიერ გაზიარებული ინფორმაციის, უნარებისა და ხელსაწყოების გამოყენებით, დუშეთში მცხოვრები ფერმერები ახლა უფრო მეტი,  უვნებელი რძის პროდუქტის, თაფლისა და ბოსტნეულის მოყვანას შეძლებენ.

ციტატები

“ADB-ის მხარდაჭერით, FAO მცირე ფერმერებს დაეხმარა. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივ მწარმოებლებს ახლა შეუძლიათ ქვეყნის ბაზრისთვის უფრო მეტად კონკურენტუნარიანი პროდუქტის წარმოება იმ ცოდნის, უნარებისა და ხელსაწყოების გამოყენებით, რომლებიც მათ პროექტის ფარგლებში გადავეცით”, განაცხადა FAO-ს პროგრამის მენეჯერმა გუიდო აგოსტინუჩიმ.

“მოხარულები ვართ შესანიშნავი პარტნიორობით FAO-თან, რადგანაც ამგვარად წინ მივიწევთ ADB-პრიორიტეტის - საქართველოში კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის პრაქტიკების ხელშეწყობის, განხორციელების კუთხით. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს განსაკუთრებით სოფლებსა და მთიან რეგიონებში მცხოვრებ თემებს ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნაში, კეთილდღეობის გაუმჯობესებასა და კლიმატის ცვლილების მიმართ მათი მედეგობის უზრუნველყოფაში”, ამბობს ლესლი ბერმან ლამი, ADB-ის დირექტორი საქართველოში.

__

აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, FAO ქალ ფერმერებზე ფოკუსირებულ ფერმერთა საველე სკოლებს აორგანიზებს ადგილობრივი თემებისთვის ქვეშეთში, არახვეთში, ჯაღმიანში, ბენიენ-ბეგონსა და ბეგონში. პროექტის მიზანია მათი ხელშეწყობა ბოსტნეულის, თაფლისა და რძის პროდუქტის მცირე წარმოების განვითარების ხელშეწყობა და ადგილობრივ ფერმერთა მედეგობის გაძლიერება.