თბილისი (GBC) – რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორმა ალეკსანდრ ბორტნიკოვმა ასტანაში დსთ–ის წევრი ქვეყნების სპეცსამსახურების ხელმძღვანელების საბჭოს 55–ე სხდომაზე განაცხადა, რომ დასავლეთი სომხეთს კუხო–დან გასვლისკენ უბიძგებს, რაც ერევანს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსზე კიდევ უფრო დამოკიდებულს გახდის ბაქოსთან შემდგომი ურთიერთობების საკითხში.

მისივე თქმით, ერევანსა და ბაქოს შორის მოლაპარაკებების გაჭიანურებით დასავლეთი სომხეთ–აზერბაიჯანის დარეგულირების პროცესის სათავეში მოქცევას გეგმავს. „დასავლეთს სურს რეგიონში საკუთარი სამშვიდობო ძალების განთავსება – დე–იურე გაეროს ეგიდით, დე–ფაქტო კიმ NATO-ს ჯარების“, – განაცხადა ბორტნიკოვმა.

„ამავდროულად, შეიარაღების შეღავათიანი მიწოდების და უსაფრთხოების გარანტიის სანაცვლოდ დასავლეთი სომხეთის ხელისუფლებისგან კუხო–დან გასვლას ითხოვს. ეს კი ერევანს უფრო დამოკიდებულს გახდის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსზე, ბაქოსთან შემდგომი ურთიერთობების საკითხებში. ნატოელების შუამავლობის მანამდელ გამოცდილებებს თუ გავითვალისწინებთ, სამხრეთ კავკასიაში ბლოკის გამაგრება არ შეუწყობს ხელს რეგიონის სტაბილურობას“, – თქვა ბორტნიკოვმა.

მისივე თქმით, სომხეთ–აზერბაიჯანის საზღვარზე შესული ევროკავშირის დამოუკიდებელი სამოქალაქო სადამკვირვებლო მისია სადაზვერვო საქმიანობითაა დაკავებული რუსეთისა და მისი პარტნიორების წინააღმდეგ.