თბილისი (GBC) - საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სინდიკაციის მეთოდით ₾400 მლნ-ს მოცულობის სახაზინო ობლიგაციები განათავსა. ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ეკატერინე გუნცაძის განცხადებით, აღნიშნული ემისიის მიზანი ახალი ფინანსური ინსტრუმენტების დანერგვით ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება და გაზრდილი მოცულობის შეთავაზებით უცხოელი ინვესტორების მოთხოვნის დაკმაყოფილებაა.

საშინაო ფასიანი ქაღალდების გამოშვებამ საერთაშორისო და ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის მონაწილეების მხრიდან მაღალი ინტერესი გამოიწვია. აუქციონზე მთლიანმა მოთხოვნამ თითქმის ₾1.8 მლრდ-ს მიაღწია, რაც საწყის გამოსაშვებ მოცულობას 4.5-ჯერ აღემატება. მინისტრის მოადგილის განმარტებით, სინდიკაციის პროცესში დაფიქსირებული მაღალი კონკურენციის წყალობით, შესაძლებელი გახდა ფასიანი ქაღალდების ღირებულების ორჯერ შემცირება. შედეგად, საპროცენტო განაკვეთი პრაქტიკულად გაუთანაბრდა იმ პერიოდში ბაზარზე არსებულ შესაბამისი ვადიანობის საორიენტაციო ნიშნულს.

საბოლოო ჯამში, გამოშვებული ფასიანი ქაღალდების 65% არარეზიდენტ (უცხოელ) ინვესტორებზე განთავსდა, ხოლო დარჩენილი 35% ადგილობრივმა ინვესტორებმა შეისყიდეს. გეოგრაფიული თვალსაზრისით, საერთაშორისო ინვესტორთა უდიდესი წილი გაერთიანებულ სამეფოზე, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კონტინენტურ ევროპაზე მოდის.

ეკატერინე გუნცაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიმდინარე ემისია სრულად ჯდება 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საშინაო ვალისთვის წინასწარ განსაზღვრული მთლიანი ზღვრული მოცულობის ლიმიტში. შესაბამისად, მოცემული ტრანზაქციით ბიუჯეტისთვის დამატებითი ფინანსური რესურსის მოძიება ან ქვეყნის მთლიანი ვალის მოცულობის ზრდა არ განხორციელებულა.