თბილისი (GBC) - საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები საქართველოში ჩამოვიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას IRI ავრცელებს.

მისიას ხელმძღვანელობენ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი კონგრესმენი, ჯონ შიმკუსი, შვედეთის პარლამენტის წევრი, მარგარეტა სედერფელდი და IRI-ის პრეზიდენტი დენ თვაინინგი.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ 28 მოკლევადიანი დამკვირვებელი შეუერთდება ქვეყანაში ივლისიდან მყოფ 20 გრძელვადიან დამკვირვებელს და ამით გაუმჯობესდება მისიის საარჩევნო პროცესის მონიტორინგის და შეფასების შესაძლებლობები. მოკლევადიანი დამკვირვებლები დააკვირდებიან არჩევნების დღეს, მათ შორის საარჩევნო უბნების გახსნას, ხმის მიცემისა და ხმის დათვლის პროცესს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

როგორც საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პრესრელიზშია აღნიშნული, მათი მუშაობა გააძლიერებს გრძელვადიანი დამკვირვებლების ძალისხმევას, რომლებიც საქართველოში ჩამოსვლის დღიდან აქტიურად მუშაობენ არჩევნებში ჩართულ მხარეებთან, საარჩევნო ინსტიტუტებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

„მოკლევადიანი დამკვირვებლების ჩამოსვლა კიდევ უფრო გააძლიერებს მისიის შესაძლებლობებს, დაკვირდეს ამ მნიშვნელოვან არჩევნების საკვანძო ეტაპებს,“ – აღნიშნა ჯონ შიმკუსმა.

„ჩვენი სადამკვირვებლო მისია დაგვეხმარება არჩევნების დღის პროცესებისა და საქართველოს მიერ დემოკრატიული ნორმების დაცვის შეფასებაში, რაც აუცილებელია საქართველოს ევროპული მომავლისთვის.

საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზა ამ არჩევნებზე მთავარი საკითხია. ჩვენ მოუთმენლად ველით არჩევნების დღეს, რათა დავრწმუნდეთ, რომ საარჩევნო პროცესი ასახავს ქართველი ხალხის ნებას, რომლის უმრავლესობას, IRI-ის გამოკითხვების მიხედვით, სურს დემოკრატიულ საზოგადოებაში ცხოვრება და დასავლეთთან უფრო მჭიდრო კავშირი”, – განაცხადა თვაინინგმა.

IRI-ის განმარტებით, საქართველოს პროგრესი ევროკავშირში გაწევრებისკენ დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეძლებს ქვეყანა ჩაატაროს გამჭვირვალე, სანდო და ლეგიტიმური არჩევნები. ამ არჩევნების შედეგები გადამწყვეტ როლს ითამაშებს ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზის განსაზღვრაში.

არჩევნების დღის შემდეგ მალევე, მისია გამოაქვეყნებს წინასწარ განცხადებას, ხოლო ყოვლისმომცველი ანგარიში, რომელიც მოიცავს დეტალურ ანალიზსა და რეკომენდაციებს, გამოქვეყნდება არჩევნების შემდგომ კვირებში.

IRI-მ მსოფლიოში 250 საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია ჩაატარა, რომლებიც აღიარებულია მიუკერძოებლობითა და პროფესიონალიზმით. მისია შეესაბამება საერთაშორისო დაკვირვების პრინციპების შესახებ დეკლარაციას, რომელიც მიღებულ იქნა გაეროს მიერ 2005 წელს.

აღნიშნული საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია შესაძლებელი გახდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) მხარდაჭერით, არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესის გაძლიერების კონსორციუმის (CEPPS) ფარგლებში. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), ასევე ახორციელებს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას საქართველოში.