თბილისი (GBC) - ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ სამშაბათს, 22 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქეებს 26 ოქტომბერს არჩევნებზე წასვლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ ეს გადამწყვეტია მათი მომავლისთვის. "ჩემთვის ძალიან გულგასატეხი და დასანანია იმის ნახვა, რომ სხვა ქვეყნები ევროკავშირის წევრობისკენ წინ მიდიან და საქართველო, ევროკავშირთან მოახლოების ნაცვლად, მას შორდება", - აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ.

GBC პაველ ჰერჩინსკის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„მინდა, გითხრათ ჩემი გულიდან წამოსული სიტყვები: 4 დღეში თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ წახვიდეთ და აირჩიოთ მომავალი მთავრობა. არჩევნები დემოკრატიის ზეიმია – ეს არის დღეს, როცა თქვენ, თითოეულ თქვენგანს შეგიძლიათ გადაწყვიტოთ თქვენი მომავალი, თქვენი შვილების მომავალი.

გთხოვთ, წადით და მიეცით ხმა და გთხოვთ, აირჩიეთ მთავრობა, რომელიც წარმოადგენს თქვენს სურვილებს და მისწრაფებებს. გასულ კვირას კიდევ ერთხელ თბილისის ქუჩებში ევროკავშირის უამრავი დროშა ვნახე. როგორც ევროკავშირის ელჩისთვის, ეს იყო სიამაყის დღე, ბედნიერების დღე. ძალიან ბევრი ადამიანი ვნახე ქუჩებში, ყველა იქ იყო. ვნახე უამრავი ახალგაზრდა.

ახალგაზრდები, თქვენი შვილები იმსახურებენ უკეთეს მომავალს. ისინი იმსახურებენ, რომ აქ, საქართველოში ჰქონდეთ შესაძლებლობები. ისინი უკეთეს ცხოვრებას სხვაგან არ უნდა ეძებდნენ. მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ დარჩნენ, იცხოვრონ და იმუშაონ მათ ლამაზ საქართველოში. როგორც იცით, ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები ისტორიულ მინიმუმზეა. საქართველოს EU-ში ინტეგრაციის პროცესი შეჩერდება და ევროკავშირის ლიდერებმა ნათლად განაცხადეს, რომ ეს საქართველოს ხელისუფლების ქმედებების შედეგია.

როგორ ევროკავშირის ელჩისთვის, ჩემთვის ძალიან გულგასატეხი და დასანანია იმის ნახვა, რომ სხვა ქვეყნები ევროკავშირის წევრობისკენ წინ მიდიან და საქართველო, ევროკავშირთან მოახლოების ნაცვლად, მას შორდება. ნახეთ, მოლდოვაში რა მოხდა – ხალხი გავიდა და მისცა ხმა ევროკავშირში გაწევრების რეფერენდუმს, მაგრამ ყველა ხმა იყო მნიშვნელოვანი. განსხვავება ძალიან მცირე იყო. ამიტომ, გთხოვთ, წადით და მიეცით ხმა. მიეცით ხმა თქვენი მომავლისთვის, თქვენი შვილების მომავლისთვის.

ევროკავშირი წარმატების ისტორიაა. ეს არის მშვიდობის პროექტი. ეს არ არის ძვირად ღირებული ლიმუზინები მხოლოდ მდიდრებისთვის. ეს არის ნორმალური ცხოვრება ყველასთვის. შეხედეთ ჩემს ქვეყანას. 30 წლის წინ ის გაკოტრებული იყო. ახლა, EU-ს წევრობის წყალობით, მას წარმატების ისტორია აქვს. ყველა ქვეყანას, რომელიც ევროკავშირის ისტორიის მანძილზე მას შეერთებია, მიეცა დიდი ნახტომის შესაძლებლობა. მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ასე მოხდება საქართველოსთვისაც, მაგრამ ეს თქვენს ხელშია.

ჩვენი მხრიდან, ევროკავშირის მხრიდან, ძალიან ხმამაღლა და ნათლად განვაცხადეთ. გასულ დეკემბერში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კარი გაგვეხსნა თქვენთვის, საქართველოსთვის. ჩვენ თქვენ გელოდებით, მაგრამ თქვენ ამ კარში თავად უნდა გაიაროთ. არავის შეუძლია თქვენს ნაცვლად ამის გაკეთება. ეს თქვენი გადასაწყვეტია. ეს თქვენი ქვეყანაა, თქვენი არჩევანია. არჩევანი არის თქვენი გასაკეთებელი – სხვისი არავისი არის, საქართველო არის შენი. წადით და მიეცით ხმა, აირჩიეთ თქვენი მომავალი. წინ საქართველო, წინ“.