თბილისი (GBC) - ბოლო 4 წლის განმავლობაში, გადამწყვეტი საპარლამენტო არჩევნების წინ, დემოკრატიის მხრივ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა საგანგაშოდ არის გაუარესებული. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" წერს. TI-ის თქმით, გაგრძელდა და გაღრმავდა სახელმწიფოს მიტაცების პროცესი, მაღალი დონის კორუფციის დაუსჯელობამ მიაღწია კლეპტოკრატიის ნიშნულს, სასამართლო სისტემაში კიდევ უფრო გამყარდა კლანური მმართველობა, საპარლამენტო ზედამხედველობა დარჩა ფორმალობად, კრიტიკული მედიისთვის ჩამოყალიბდა მტრული გარემო, ხოლო ჟურნალისტური საქმიანობა გახდა საფრთხის შემცველი.

წინამდებარე ანგარიში მიმოიხილავს უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში არსებულ მდგომარეობას დემოკრატიული გარემოსთვის მნიშვნელოვან რამდენიმე სფეროში, რომლებზეც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მუშაობს: ანტიკორუფციული გარემო, სასამართლო სისტემა, საპარლამენტო ზედამხედველობა და მედიაგარემო.

ძირითადი მიგნებები

ანტიკორუფციული გარემო

  • საბოლოოდ დადასტურდა, გაგრძელდა და გაღრმავდა სახელმწიფოს მიტაცების პროცესი;
  • ბოლო 4 წლის განმავლობაში განსაკუთრებით გამწვავდა მაღალი დონის კორუფციის პრობლემა;
  • მკაფიოდ გამოჩნდა კლეპტოკრატიული მმართველობის ნიშნები;
  • მიუხედავად იმისა, რომ შეიქმნა ანტიკორუფციული ბიურო, რაც თავიდან დადებითად შეფასდა, ის ვერ გამოდგა ეფექტური კორუფციის წინააღმდეგ, რადგან ასევე მოექცა მიტაცებული ინსტიტუციების რიგებში;
  • ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის გარდა, საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა ევროკომისიის ანტიკორუფციული მოთხოვნები და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები.

სასამართლო სისტემა

  • საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა სასამართლოსთან დაკავშირებით ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებაზე;
  • გაგრძელდა სასამართლო სისტემაში არსებული ე.წ. „კლანის“ მმართველობის კონსოლიდაცია კანონმდებლობის შემდგომი გაუარესებითა და სასამართლო სისტემაში ახალი – კლანთან დაახლოებული კადრების შერჩევა-დაწინაურებით;
  • აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ „კლანის“ სათავეში მყოფ მოსამართლეებზე  სანქციების დაწესებამ ცხადი გახადა, თუ რაოდენ ღრმად არის ჩაფლული კორუფციაში გავლენიანი მოსამართლეების ჯგუფი,
  • რომელიც მთელ სასამართლო სისტემას აკონტროლებს;
  • კლანურმა სასამართლო სისტემამ მორჩილად შეასრულა ხელისუფლების დაკვეთა მშვიდობიანი საპროტესტო აქციების მონაწილეთა დევნის საქმეში; 
  • ხელისუფლების კონტროლის ქვეშ მყოფი კლანური სასამართლო სისტემა ასევე აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკოსებისა და კრიტიკული მედიის დევნაში.

საპარლამენტო ზედამხედველობა

  • საპარლამენტო კონტროლი, ხშირ შემთხვევაში, არ ეხებოდა ქვეყნისათვის მნიშვნელოვან თემებს, მათ შორის კორუფციას. უმრავლესობის მიერ საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გამოყენება ძირითადად ვიწრო პარტიული მიზნებით ხდებოდა;
  • კოვიდპანდემიით გამოწვეული კრიზისის დროს პარლამენტმა ფაქტობრივად უარი თქვა მის საზედამხედველო ფუნქციის შესრულებაზე აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ;
  • უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობას ფორმალური ხასიათი ჰქონდა. პარლამენტმა არ შეასრულა ევროკომისიის მოთხოვნა, ამ სექტორზე კონტროლის გაძლიერებასთან დაკავშირებით;
  • მნიშვნელოვნად შესუსტდა ოპოზიციის როლი ზედამხედველობის განხორციელების პროცესში – უმრავლესობა ხელოვნურ ბარიერებს უქმნიდა ოპოზიციას, რათა მას ვერ განეხორციელებინა მთავრობაზე ზედამხედველობა.

მედიაგარემო

  • ბოლო 4 წელში მედიაგარემოს გაუარესების კვალდაკვალ, გამოვლინდა ისეთი საგანგაშო შემთხვევები, როგორებიცაა - ჟურნალისტებზე მასობრივი თავდასხმები და ძალადობა, რასაც „ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორის გარდაცვალებაც მოჰყვა. ასევე, სამართლებრივი საქმეების აღძვრა კრიტიკული მაუწყებლების მფლობელებისა და დამფუძნებლების მიმართ და მათი დაკავება. 
  • საგანგაშოა მართლმსაჯულების სისტემის, კომუნიკაციის კომისიისა და ხელისუფლების დაქვემდებარებაში არსებული სხვა სტრუქტურების კრიტიკული მედიის წინააღმდეგ გამოყენება;
  • განსაკუთრებით სახიფათოა მმართველი უმრავლესობის ინიცირებით მიღებული არაერთი კანონი და ნორმა, რომლითაც კიდევ უფრო შეიზღუდა და გართულდა ჟურნალისტური საქმიანობა.

ანტიკორუფციული გარემო 2020-2024 წლებში

ბოლო 4 წლის განმავლობაში ქვეყანაში არსებული კორუფციული გარემო ხასიათდებოდა მკვეთრი უკუსვლით პრაქტიკულად ყველა მიმართულებით. გაგრძელდა და ყოველგვარი ბუნდოვანების გარეშე დადასტურდა სახელმწიფოს მიტაცება, მაღალი დონის კორუფციამ მიაღწია კლეპტოკრატიის ნიშნულს, ჩავარდა ანტიკორუფციული რეფორმა, შეუსრულებელი დარჩა საერთაშორისო ანტიკორუფციული ვალდებულებები და რეკომენდაციები, და გაუარესდა შეფასებები საერთაშორისო ინდექსებში.

სახელმწიფოს მიტაცება

2023 წლის დეკემბერში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებამ საბოლოოდ დაადასტურა, რომ ბოლო 12 წლის განმავლობაში მთავარი გადაწყვეტილების მიმღები პირი ქვეყანაში სწორედ ის იყო, მიუხედავად პოლიტიკაში არყოფნის მისი ფორმალური სტატუსისა. შესაბამისად, წლების განმავლობაში, სხვადასხვა ინსტიტუციების მიტაცებისა და პოლიტიკურად დამორჩილების პროცესის წარმმართველიც ის იყო.

სახელმწიფოს მიტაცების პროცესი ბოლო 4 წლის განმავლობაშიც გრძელდებოდა. ამ პროცესის გამოვლინება იყო:

  • სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დაშლა, მას შემდეგ რაც ამ ინსტიტუციამ მმართველი პარტიისთვის არასასურველი დასკვნა დადო;
  • ეროვნული ბანკის რეპუტაციის დაზიანება, აშშ-ის მიერ დასანქცირებული ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დასაცავად გამოცემული ბრძანების შედეგად;
  • პრეზიდენტის იმპიჩმენტის მცდელობა პოლიტიკურად დამორჩილებული საკონსტიტუციო სასამართლოს გამოყენებით;
  • ახლად შექმნილი ანტიკორუფციული ბიუროს უფროსად პოლიტიკურად დამორჩილებული პირის დანიშვნა;
  • საარჩევნო ადმინისტრაციის ერთპარტიულად დაკომპლექტება.

გარდა პოლიტიკური ინსტიტუციებისა, ბოლო წლებში შეინიშნებოდა სახელმწიფოს მიტაცების პროცესის გაფართოება საზოგადოებრივ სფეროებზეც, როგორიცაა კულტურა და უმაღლესი განათლების სფერო.

დაუსჯელი ელიტური კორუფცია და კლეპტოკრატიული სისტემის ჩამოყალიბება

სახელმწიფოს მიტაცების ერთ-ერთი შედეგია კორუფციული პრაქტიკების, განსაკუთრებით კი მაღალი დონის კორუფციის, შემაკავებელი მექანიზმების მთლიანად გაქრობა. შედეგად, ბოლო 4 წლის განმავლობაში, მაღალი დონის კორუფციამ მზარდი სახე მიიღო და კლეპტოკრატიული მმართველობის მკაფიო მახასიათებლები შეიძინა.

მაღალი დონის თანამდებობის პირები რეგულარულად არიან ჩართულნი კორუფციაში. ისინი სხვადასხვა გზებით ითვისებენ საჯარო რესურსებს (მაგ. სახელმწიფო შესყიდვები, სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია, სუბსიდიები, ლიცენზიები და ნებართვები). „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მონიტორინგმა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გამოავლინა 206 ასეთი სავარაუდო შემთხვევა, რომლებშიც 201-ზე მეტი მაღალჩინოსანი ფიგურირებს.

ამ თანამდებობის პირებს შორის არიან მოქმედი და ყოფილი პარლამენტის წევრები, პრემიერ-მინისტრები და მინისტრები, ყოფილი გენერალური პროკურორები, მოსამართლეები, ძალოვანი უწყებების მაღალჩინოსნები.

სავარაუდო კორუფციული დანაშაულები კი მოიცავს ისეთ სერიოზულ დარღვევებს, როგორიცაა: სასამართლო ხელისუფლებაზე არაჯეროვანი ზეგავლენის მოხდენა, ამომრჩეველთა მოსყიდვა, უკანონო გამდიდრება, ზეგავლენით ვაჭრობა, მორგებული კანონების მიღება, ნეპოტიზმი / ფავორიტიზმი, პოლიტიკური კორუფცია, ინტერესთა კონფლიქტი, მორგებული ტენდერები, მბრუნავი კარი და სხვა.

ხშირ შემთხვევაში, კლეპტოკრატიული მეთოდებით მიღებული სარგებელი შემდეგ გამოიყენება მმართველი პარტიის დასაფინანსებლად, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინო და პრობლემური ხდება არჩევნების დროს. მაგალითად, მიმდინარე წლის მხოლოდ აგვისტო-სექტემბერში, კომპანიებმა, რომლებმაც „ქართულ ოცნებას“ 2 მლნ ლარი შესწირეს, ბოლო 10 წლის განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვებიდან და სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებიდან 1.2 მილიარდ ლარზე მეტი აქვთ მიღებული.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ მხოლოდ მუნიციპალური შესყიდვების შესწავლის შედეგად გამოავლინა დაახლოებით 2 მილიარდ 150 მილიონი ლარის საბიუჯეტო თანხები, რაც ბოლო 10 წლის განმავლობაში სავარაუდოდ კორუფციული გზებით იქნა განკარგული.

ელიტური კორუფციის მრავალი სავარაუდო შემთხვევების არსებობს მიუხედავად, პროკურატურა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომლებსაც ევალებათ გამოძიება, არ კიდებენ ხელს ამ შემთხვევებს, რის შედეგადაც მაღალი თანამდებობის პირები სარგებლობენ სრული დაუსჯელობითა და ხელშეუხებლობით. ფაქტობრივად, წლების განმავლობაში ცენტრალური ხელისუფლების არც ერთი მაღალი თანამდებობის პირი არ მიცემულა პასუხისგებაში კორუფციის გამო.

ამ კონტრასტს აჩვენებს პროკურატურისა და სუსის ოფიციალური მონაცემებიც. ისინი ძირითადად მუნიციპალურ დონეზე მუშაობენ. მათი 2021-2023 წლების წლიური ანგარიშებიც ადასტურებენ, რომ მაღალი დონის თანამდებობის პირთა მიერ ჩადენილი კორუფციული დანაშაულების გამოვლენა და აღკვეთა ძირითადად მუნიციპალიტეტის ორგანოთა ხელმძღვანელი პირების დონეზე ჩერდება.

ჩავარდნილი ანტიკორუფციული რეფორმა

შეიძლება თამამად ითქვას, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში ანტიკორუფციული რეფორმა მთლიანად ჩავარდა. ეს გამოიხატა შემდეგ პროცესებში:

არარსებული სტრატეგია და ინსტიტუციური გაურკვევლობა

ქვეყანას უკვე 4 წელია არ გააჩნია ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია, რომელიც უნდა იყოს ამ სფეროში რეფორმის მიმართულების მიმცემი მთავარი პოლიტიკის დოკუმენტი. სტრატეგიის არ/ვერ შემუშავების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო პასუხისმგებელი ინსტიტუციის რამდენჯერმე ცვლილება, რამაც, პოლიტიკური ნების არარსებობის პირობებში, მთლიანად გააჩერა სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავების პროცესი. ბოლო 4 წელია პრაქტიკულად შეჩერებულია ეროვნული ანტიკორუფციული პოლიტიკის შემუშავება, განხორციელების მონიტორინგი და კოორდინაცია. პროცესი არ განუახლებია არც ახალ ანტიკორუფციულ ბიუროს, რომელიც უკვე ერთ წელზე მეტია ფუნქციონირებს.

შეუსრულებელი საერთაშორისო ვალდებულებები

2020 წლის შემდეგ გაჩერებულია ანტიკორუფციული პოლიტიკის განსაზღვრასა და განხორციელებასთან დაკავშირებული თითქმის ყველა პროცესი:

  • ევროინტეგრაცია (ევროკომისიის 12 პრიორიტეტი და 9 ნაბიჯი) – მიუხედავად იმისა, რომ ანტიკორუფციული რეფორმა ევროინტეგრაციის მნიშვნელოვანი წინაპირობაა, ევროკომისიის ანტიკორუფციული მოთხოვნების საპასუხოდ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის გარდა, არ ითვალისწინებს ევროკომისიისა და ვენეციის კომისიის კრიტიკულად მნიშვნელოვან რეკომენდაციებს, რიგი მიმართულებით კი აუარესებს არსებულ რეგულაციებს.
  • „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ ანტიკორუფციული ქსელის (OECD /ACN) – 2023 წელს საქართველოს მთავრობამ, 20 წლის განმავლობაში პირველად თქვა უარი OECD-ის ანტიკორუფციული ქსელის მონიტორინგში მონაწილეობაზე. მონიტორინგი მიზნად ისახავს ანტიკორუფციული რეფორმების ხელშეწყობას კორუფციის მხრივ არსებული მდგომარეობის ანალიზის, რეკომენდაციების მომზადების და მათი განხორციელების მონიტორინგის გზით. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც მონიტორინგს არ დათანხმდა.
  • ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) – ღია მმართველობის პარტნიორობაში ერთ დროს მოწინავე ქვეყანა, დღეს საქართველოს წევრობა ამ ორგანიზაციაში დროებით შეჩერებულია, ქვეყნის მთავრობის მიერ OGP-ის ძირითადი ღირებულებებისა და პრინციპების უხეშად დარღვევის გამო.
  • ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება და ასოცირების დღის წესრიგი – მართალია ასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ევროკავშირში ინტეგრაციის 2023 წლის სამოქმედო გეგმა, თუმცა ის ვერ პასუხობს ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებულ პრიორიტეტებსა და მიზნებს, და უგულებელყოფს კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით არსებულ ყველა ძირითად გამოწვევას.
    არსებული ანტიკორუფციული რეგულაციების იგნორირება

ბოლო 4 წლის განმავლობაში პრობლემად დარჩა არსებული ანტიკორუფციული კანონმდებლობისა და მექანიზმების ეფექტიანად აღსრულება. კანონმდებლობით გათვალისწინებული ისეთი დარღვევების გამოვლენა, როგორიცაა: ინტერესთა შეუთავსებლობა, თანამდებობრივი შეუთავსებლობა, უკანონო საჩუქრის მიღება, მამხილებელთა დაცვა, „მბრუნავი კარის“ შეზღუდვები, როგორც მინიმუმ სამინისტროების დონეზე, პრაქტიკაში თითქმის არ ხდება. უმეტეს შემთხვევაში, კანონის მოთხოვნების შესრულებისთვის საჭირო მექანიზმები საერთოდ არ არის დანერგილი.

მორჩილი ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა

ანტიკორუფციული ბიურო, რომლის შექმნა ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის  ევროინტეგრაციის გზაზე დაწესებული ერთ-ერთი წინაპირობა იყო, თავდაპირველად დადებითად შეფასდა. თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, დამოუკიდებლობის გარანტიების არარსებობის პირობებში, ეს ინსტიტუცია თავიდანვე მოექცა პოლიტიკური გავლენის ქვეშ, რაც გამოჩნდა წინასაარჩევნო პერიოდში მის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ მიღებულ უკანონო გადაწყვეტილებაში და შემდგომ პრემიერ მინისტრის ბრძანებით ამ გადაწყვეტილების უკან წაღებაში.

შედეგად, პოლიტიკურად დამორჩილებულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ გააუარესა როგორც ანტიკორუფციული კანონმდებლობა, ისე მისი აღსრულების პრაქტიკა:

  • ბიურომ არ გამოაქვეყნა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის შედეგების ამსახველი ცალკე ანგარიში, რითიც დაარღვია კანონის მოთხოვნები;
  • ბიურომ დახურა ინფორმაცია დეკლარაციების მონიტორინგის დეტალური შედეგების შესახებ, რის გამოც აღარ არის საჯარო შემოწმებული თანამდებობის პირების ვინაობა, დაჯარიმებულთა ვინაობა და მიზეზი;
  • ბიუროს ინიცირებით მიღებულ იქნა საკანონმდებლო ცვლილებები, რითიც შეზღუდა დეკლარაციების საჯაროობა. მიღებული ცვლილებებით, ახლად შევსებული დეკლარაციები 2 თვემდე დროის განმავლობაში აღარ იქნება საჯარო.

ამ ცვლილებებით, ანტიკორუფციულმა ბიურომ დახურა დეკლარირების სისტემა გარე დამკვირვებლებისთვის, რითიც კომფორტი შეუქმნა არაკეთილსინდისიერ თანამდებობის პირებს.

კორუფციის აღქმის ინდექსი

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებული 2023 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) მიხედვით, რომელიც ზომავს საჯარო სექტორში არსებული კორუფციის აღქმის დონეს, საქართველოს 53 ქულა აქვს, რაც გასულ წელთან შედარებით 3 ქულით ნაკლებია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო რეგიონში კვლავაც წამყვან პოზიციებზეა, მას ასეთი დაბალი ქულა 2015 წლის შემდეგ არ ჰქონია. ამასთან, ინდექსის ბოლო 12 წლის შედეგები ცხადყოფს, რომ საჯარო სექტორში კორუფციასთან ბრძოლის მხრივ ქვეყანა სტაგნაციას განიცდის.

კორუფციის აღქმის ინდექსი ტრადიციულად 180 ქვეყანაში ტარდება. ქვეყნები ფასდება 100 ბალიანი სისტემით, სადაც 100 დადებითი, ხოლო 0 უარყოფითი შედეგია.

ანგარიში სრულად იხილეთ აქ.