თბილისი (GBC) – ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ "მთავარ არხთან" ინტერვიუში ხუთშაბათს, 19 სექტემბერს განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები გადამწყვეტია. ევროპარლამენტარი დარწმუნებულია, რომ ვინც მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ გზას ამ არჩევნების მნიშვნელობასაც აცნობიერებს. "რამდენიმე ხნის წინ ვიყავი თბილისში და იქაც ვთქვი, რომ ბიძინა ივანიშვილი და ევროინტეგრაცია ერთმანეთთან შეუსაბამოა. ვწუხვარ, ამის თქმა რომ მიწევს, მაგრამ გარედან ეს სწორედ ასე ჩანს. ევროკავშირში ბევრი ადამიანი ეთანხმება იმას, რომ ქართული ოცნება ადამიანების მოსაზრებებით მანიპულირებს", - განაცხადა ევროპარლამენტარმა. 

"შარშან, დეკემბერში, როდესაც საქართველოს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, - ეს იყო არა ჯილდო, არამედ ქართველი ხალხის წახალისება - იმ ხალხისა, რომელსაც არ სურს "რუსკი მირი" და სურს დემოკრატია, მშვიდობა და კეთილდღეობა. ევროკავშირი სწორედ ასეთია, ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია კი მანიპულირებს ხალხის მოსაზრებებით და ისე იქცევა, როგორც ანტიევროპული ძალა. მათი ყველა ქმედება ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფასეულობებს. ასე რომ, შეუძლებელია, ბიძინა ივანიშვილს მისცე ხმა და ევროკავშირში გაწევრიანების იმედი გქონდეს.

პირველ რიგში ქართველმა ხალხმა უნდა თქვას თავისი სიტყვა და იმედი მაქვს, რომ ბევრი ადამიანი მივა არჩევნებზე; განსაკუთრებით კი ახალგაზრდები, იმიტომ რომ საქმე სწორედ მათ მომავალს ეხება, თუ სად იცხოვრებენ ისინი, სად გაზრდიან საკუთარ შვილებს - აგრესიულ რუსეთთან თუ ევროკავშირში, სადაც მათი მშვიდობა გარანტირებული იქნება.

არ მინდა პროგნოზები გავაკეთო, მაგრამ, თუ არჩევნები არ იქნება სამართლიანი და თუ ქართველი ხალხისგან ევროკავშირის წევრობაზე გზავნილი მკაფიო არ იქნება, მაშინ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი კოორდინირებულად მიიღებენ გადაწყვეტილებებს; და მეც მათ შორის ვიქნები, ვინც მხარს დაუჭერს ამ სანქციებს იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც არღვევს დემოკრატიულ კანონებსა და პრინციპებს", - ამბობს ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე.